გია ვოლსკი - მთავრობის თხოვნაა, გაკეთდეს განმარტება, აქვს თუ არა პრეზიდენტს უფლებამოსილება, შეაჩეროს ელჩების დანიშვნა პრობლემური მოქმედებით და არა რაიმე აქტის გამოცემით, რომელსაც არ ითვალისწინებს კონსტიტუცია
მთავრობის მხრიდან კონკრეტული თხოვნაა, გაკეთდეს კონკრეტული განმარტება, აქვს თუ არა პრეზიდენტს უფლებამოსილება, შეაჩეროს ელჩების დანიშვნა პრობლემური მოქმედებით და არა რაიმე აქტის გამოცემით, რომელსაც არ ითვალისწინებს კონსტიტუცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა საკითხზე, რომლის მიხედვით, მთავრობამ ელჩების, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელთა დანიშვნასა და გათავისუფლებაზე, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.
ვოლსკის თქმით, „პრეზიდენტის დასჯაზე საუბარი არის სრული ბოდვა, რომელიც კარგად იყიდება, მით უმეტეს, თუ ასეთი პოლიტიკური მხარდაჭერა გაგაჩნია დეზინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით“.
„მთავრობის მხრიდან კონკრეტული თხოვნაა, გაკეთდეს კონკრეტული განმარტება, აქვს თუ არა პრეზიდენტს უფლებამოსილება, შეაჩეროს ელჩების დანიშვნა პრობლემური მოქმედებით და არა რაიმე აქტის გამოცემით, რომელსაც არ ითვალისწინებს კონსტიტუცია. მოქმედება არის არდანიშვნა, ამ მოქმედებით ეწინააღმდეგება თუ არა პრეზიდენტი კონსტიტუციურ ნორმებს, ეს უნდა დადგინდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.