გია ვოლსკი - მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებისას პოლიტიკურ ველზე დაძაბულობა და სპეკულაცია მეტი იქნება, მაგრამ პროცესი სწორია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ვარაუდობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დროს, პოლიტიკურ ველზე დაძაბულობა და სპეკულაცია მეტი იქნება, მაგრამ მიმდინარე პროცესი სწორია.
როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, ქვეყანაში ამ დონის გამჭვირვალეობა პირველია და შესაბამისად, შეუჩვეველი ატმოსფეროა, თუმცა ეს სწორად გადადგმული ნაბიჯია.
„ერთმა ჩემმა კოლეგამ პროცესი ამერიკაში კონგრესში არსებულ მოსმენას შეადარა, თუმცა ეს გაცილებით უფრო მეტია, ვინაიდან კითხვებს დეპუტატების გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციებიც სვამენ. პოლიტიკურ ველზე დაძაბულობა და სპეკულაცია მეტი იქნება, მაგრამ პროცესი სწორია“, – განაცხადა ვოლსკიმ.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში უსმენენ.