გია ვოლსკი - მივესალმები, რომ ბიძინა ივანიშვილი არასდროს მისდევს პოპულიზმს და ეს კარგად დაინახა საზოგადოებამ
გია ვოლსკი - მივესალმები, რომ ბიძინა ივანიშვილი არასდროს მისდევს პოპულიზმს და ეს კარგად დაინახა საზოგადოებამ

ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ ემსახურებოდა ხალხისთვის მოცემულობის შესახებ ზუსტი და სრული ინფორმაციის მიწოდებას, – ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს.

გია ვოლსკის თქმით, საზოგადოებამ ახლა უნდა გადაწყვიტოს, სად არის სიმართლე.

„რასაკვირველია, ვიზიარებ, რასაც ამბობს. ამ შემთხვევაში, სასამართლოს თემასთან, ყოფილ თანაგუნდელებთან და ბევრ ნიუანსთან დაკავშირებით. ამიტომაც ვდგავარ ამ პოზიციაზე. ზოგი არ იზიარებს ამ პოზიციას და დგას მეორეზე, მაგრამ მაინც მთავარი განმსჯელი და მოსამართლე ამ საკითხის არის ჩვენი საზოგადოება. მივესალმები იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა არასდროს არ იცის სიმართლეზე გვერდის ახვევა, შელამაზება. პოპულიზმს არასდროს მისდევს და ვფიქრობ, ეს კარგად დაინახა საზოგადოებამ. თუ სხვა აზრი აქვს ეკა ბესელიას, იმიტომაც არ ვართ ერთად“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება კითხვას, ბიძინა ივანიშვილის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ კრიტიკაზე, ვოლსკის თქმით, ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ იმიტომ აკრიტიკებს, რომ ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც სერიოზული დაღი დაამჩნია არა მარტო საზოგადოების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ჯანმრთელობას ან თუნდაც წართმეულ სიცოცხლეებს, არამედ საქართველოს სტაბილურობა დადგა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ.

„ადამიანები, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით იცნობს ჩვენი საზოგადოება და ახალი „ნაციონალური მოძრაობა“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც სერიოზული დაღი დაამჩნია არა მარტო საზოგადოების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ჯანმრთელობას ან თუნდაც წართმეულ სიცოცხლეებს, არამედ საქართველოს სტაბილურობა დადგა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ. განსაკუთრებით იმ ომის შემდეგ, რომელშიც სააკაშვილმა ძალიან საეჭვოდ დაუშვა ბევრი შეცდომები, თუ ამას შეცდომები ჰქვია. რასაკვირველია პოლიტიკურ ოპონენტებთან აზრთა სხვადასხვაობა და ამის გამოხატვა ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს არ იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური ინტერვიუ. ვფიქრობ, ეს იყო ვითარების აღწერა და იმ პერსპექტივიდან დანახვა, რომელიც ჩვენს გუნდს გააჩნია. ამას აქვს მნიშვნელობა. ჩვენ რომ ერთ აზრზე არ ვიქნებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ბიძინა ივანიშვილმა „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ყოფილი თანაგუნდელების, ანაკლიის პორტის, „თიბისი ბანკის“, ქართული კინოწარმოებისა და სხვა თემების შესახებ ისაუბრა.