გია ვოლსკი - მიუღებელია ფორმულა, რომელსაც პრეზიდენტი საერთაშორისო თანამეგობრობას სთავაზობს, რომ სტატუსი ეკუთვნის საზოგადოებას და არაფერი ეკუთვნის მთავრობას, ეს გაუგონარი ფორმულაა
გია ვოლსკი - მიუღებელია ფორმულა, რომელსაც პრეზიდენტი საერთაშორისო თანამეგობრობას სთავაზობს, რომ სტატუსი ეკუთვნის საზოგადოებას და არაფერი ეკუთვნის მთავრობას, ეს გაუგონარი ფორმულაა

მიუღებელია ფორმულა, რომელსაც პრეზიდენტი სთავაზობს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ სტატუსი ეკუთვნის საზოგადოებას და არაფერი ეკუთვნის მთავრობას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის მიერ ყველა წესი დარღვეულია.

„ყველამ იცის, არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ კონსტიტუციის შესაბამისი მუხლი ირღვევა. პრეზიდენტი მთავრობასთან შეუთანხმებლად მოგზაურობს და გარკვეულ აქტივობას ეწევა, რომელსაც ახლა არ უნდა ეწეოდეს. ყველა წესი დარღვეულია. ფორმულა, რომელსაც ჩვენს საზოგადოებას, საერთაშორისო თანამეგობრობას სთავაზობს, აბსოლუტურად მიუღებელი, გაუგებარია და მიმართულია იმისაკენ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. მიუღებელია ფორმულა, რომ სტატუსი ეკუთვნის საზოგადოებას, ხოლო საზოგადოების უმრავლესობის მიერ არჩეულ მთავრობას არაფერი ეკუთვნის. ეს გაუგონარი ფორმულაა, რომელიც ჩვენ ინტერესებს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებულ კითხვასაც უპასუხა.

„იმპიჩმენტისთვის საჭიროა გარკვეული რაოდენობის დეპუტატთა მხარდაჭერა. არ ველოდებით, რომ ეს მოხდება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ იქნებოდა მართალი, რეაგირება არ გაგვეკეთებინა აშკარა დარღვევაზე, რომელიც ბოლო პერიოდში ჩვენს თვალწინ ხდება. რასაკვირველია, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება, ვერავინ ვერაფერს უკარნახებს. მეორე მხრივ, ძალიან აშკარად გამოჩნდება ადამიანების ჯგუფი, რომელიც არც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაგიდევს. ამ პროცესს უნდა დავარქვათ ლუსტრაცია – კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების მთავარი ამოცანაა ქვეყნის დესტაბილიზაცია და კიდევ ერთხელ გაუსვამენ ხაზს ამ მავნე საქმიანობას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.