გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად „პატრიოტთა ალიანსი“ გადაჭარბებულ განცხადებებს აკეთებს
გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად „პატრიოტთა ალიანსი“ გადაჭარბებულ განცხადებებს აკეთებს

„პატრიოტთა ალიანსი“ თავის განცხადებებში აჭარბებს და სურს, სახელმწიფოში მიმდინარე პროცესები უტრირებულად წარმოაჩინოს, რისი მიზანიც პოლიტიკური დივიდენდის მიღებაა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც ეკლესიის თაობაზე ირმა ინაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

გია ვოლსკის თქმით, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, ვინ პოპულისტია და ვინ რეალისტი.

„მათ რომ ყური დაუგდო, კრემლში ან დუმაში წასვლით შეიძლება, სახელმწიფოს პრობლემები მოგვარდეს და ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ. მათ რომ ყური დაუგდო, ეკლესიასთან რაღაც საფრთხეები არსებობს, რომელსაც თურმე, სახელმწიფო წარმოშობს. საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, ვის რა დამოკიდებულება აქვს, ვინ პოპულისტია და ვინ რეალისტი“, – აღნიშნავს ვოლსკი.

დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნასაც ეხმაურება მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით.

„ნაციონალურ მოძრაობას“ რომ მოუსმინო, ყოველ დღე ისეთი განცხადებები კეთდება, ათეულობით სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრა. ეს ბრძოლის მეთოდია. მაშინ საქმე იმაზეც უნდა აღვძრათ, როცა მეუფე იაკობმა ეკა კვესიტაძეს აღსარება ჩააბარა. ქართულ ეკლესიას საუკუნეების განმავლობაში უდიდესი დამსახურება აქვს, რაც საქართველოს ისტორიაში წარუშლელია. ეკლესიის ყველა მსახურს პატივი უნდა ვცეთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გუშინ, პლენარულ სხდომაზე, ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ეკლესიას ებრძვიან და ეს ბრძოლა ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაიწყო.