გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ძალოვანი მინისტრები პარლამენტში უნდა გამოცხადდნენ
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ბერი გაბრიელის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში ძალოვანი მინისტრები უნდა გამოცხადდნენ.
როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, მომხდარი ფაქტი მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებას არ ეხება.
„არავინ იცის, ეს არის თუ არა ჩატაევი. ანტიტერორისტულ ბრძოლაში ჩართული ქვეყნის ინტერესია, რომ ამ მიმართულებით ერთიანი სტრატეგია იყოს და ეს საერთო ბრძოლაში მხოლოდ ეპიზოდია, რაც გვაქვს. არ შეიძლება, ამ საკითხთან დაკავშირებით ზედაპირული განცხადებები გაკეთდეს ან დახურულ სხდომაზე, ან ღია სხდომაზე. საზოგადოებას არასწორი, ან ნაწილობრივი ინფორმაცია არ უნდა მიეწოდოს. მეგონა, რომ ოპოზიციას ამ თემის სერიოზულობა გათთვიცნობიერებული ჰქონდა, რადგან ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა სერიოზული განცხადება გააკეთა, რომ ქართველ და ამერიკელ ექსპერტებს ერთობლივ მუშაობაში ხელი არ უნდა შეეშალოს. როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, რომ სჯობს, პოლიტიკური სპეკულაციების ფორმატს დაუბრუნდნენ“, – აღნიშნავს დეპუტატი.
ვოლსკი ვერ აკონკრეტებს, მინისტრების მოსმენა რა ფორმატში უნდა წარიმართოს.
„მინისტრები აუცილებლად უნდა მოვიდნენ. არ ვიცი, როგორ ფორმატში. ალბათ, დახურულ ფორმატში, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც პარტნიორებთან ერთად გარკვეულ დასკვნებამდე მივალთ. ყველა შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რომ მოწინააღმდეგე მხარე აანალიზებს ყველა გამონათქვამს, ყველა შეხედულებას და თუნდაც ზერელე განცხადებას. აქედან გამომდინარე, ყველა დეტალს სიღრმისეული ჩახედვა სჭირდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ძალოვანი მინისტრების მისვლას პარლამენტში უმცირესობა ითხოვს.