გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ „მინდელის“ შახტში მომხდარი შემთხვევის საგანგებო განხილვა უნდა მოხდეს
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ტყიბულში „მინდელის“ სახელობის შახტში მომხდარი შემთხვევის საგანგებო განხილვა უნდა მოხდეს.
როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, დამსაქმებელმა გარკვეული ხარჯი უნდა გაიღოს, მაგრამ თავად პროფესია დაკავშირებულია ძალიან დიდი საფრთხესთან.
„ასეთი ტრაგიკული შემთხვევები, ამდენი ხალხის დაღუპვა იმ დასახლების პრობლემა არ არის, ეს მთლიანად საქართველოს პრობლემაა და საკითხს საგანგებო განხილვა სჭირდება, მაგრამ რამდენიც არ უნდა განიხილო, როგორი ძლიერი ინსპექტირების სისტემაც არ უნდა ჩამოაყალიბო, დამსაქმებელმა გაცილებით უფრო მეტი უნდა იზრუნოს. ალბათ, პროფესიონალის დასკვნა არის საჭირო”, – დასძინა ვოლსკიმ.
მინდელის შახტში ტრაგედია დღეს დილით მოხდა. შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა,დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
ტყიბულის შახტი კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. შახტში ტრაგედია მიმდინარე წლის 5 აპრილსაც მოხდა. მაშინ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.