გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება არ არსებობს.
როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, იმედი აქვს, საზოგადოება რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით, განსაკუთრებით მაღალ პასუხისმგებლობას გამოიჩენს.
„პრინციპში, საქართველოში, საგანგებო მდგომარეობა და კონსტიტუციის შეჩერების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ არსებობს. იმედი გამოვთქვათ, რომ საზოგადოება განსაკუთრებით მაღალ პასუხისმგებლობას გამოიჩენს ყველა რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით, რომელიც ჯანდაცვის სისტემიდან ყოველ დღე მოდის და საგანგებო მდგომარეობის შემოღების აუცილებლობა არ დადგება. მგონია, რომ ამ პერიოდში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამე მოხდა, რამაც უყურადღებოდ ჩაიარა. როცა სახელმწიფო სტრუქტურების მობილიზებაზე ვლაპარაკობთ, დაგვავიწყდა, რომ დაახლოებით 20-მდე ხანძრის კერა იყო ლოკალიზებული და გმირული მუშაობით, შესაბამისმა სტრუქტურებმა საკმაოდ დიდ საფრთხეს აგვაცილეს ამ ვირუსის გავრცელების ტრაგიკულ ვითარებასთან ერთად. სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის თემა არ დავივიწყოთ და არა მარტო ჯანდაცვის სისტემის მუშაკებზე უნდა ვილაპარაკოთ, არამედ, ნებისმიერ სისტემაზე, რომელიც აწყობილად მუშაობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.