გია ვოლსკი - რელიგიური ორგანიზაციების ვალდებულებაა, პროპაგანდისტული საქმიანობა გააძლიერონ, რადგან პოლიტიკაში შემოჭრა ნაკლებად მომგებიანია
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ფიქრობს, რომ მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებასთან დაკავშირებით ბევრი ადამიანი რეფერენდუმის ჩატარებას გულწრფელად ითხოვს, ბევრ ადამიანს კი, პოლიტიკური თვალსაზრისით თავის წარმოჩენა უნდა. ჟურნალისტებთან საუბარში ვოლსკი სასულიერო პირების მოთხოვნას გამოეხმაურა, რომ საკითხზე ან რეფერენდუმი ჩატარდეს, ან საკონსტიტუციო სასამართლო გაუქმდეს.
„რელიგიური ორგანიზაციების ვალდებულებაა, თავიანთი პროპაგანდისტული საქმიანობა უფრო გააძლიერონ, რადგან პოლიტიკურ სფეროში შემოჭრა უფრო ნაკლებად მომგებიანი იქნებოდა. ეკლესიასა და სხვა რელიგიურ კონფესიებს მოვუწოდებთ, სიღრმისეულად დაფიქრდნენ, სიტუაცია სიღრმისეულად გააანალიზონ და მთავრობას ისეთი მექანიზმების შექმნა მოსთხოვონ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების პირობებში შეძლებს, საზოგადოებას ამ ავადმყოფობის გავრცელების შესაძლებლობა მაქსიმალურად აარიდოს. სახელმწიფოს ეს მექანიზმები და რესურსი ნამდვილად აქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.