გია ვოლსკი - მაიკ პომპეო ამბობს, რომ ანაკლიის პორტი აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, ეს არის მოწოდება მათთვის, ვინც აშშ-ის ეკონომიკურ ინტერესებს ენდობა
მსოფლიოში გავლენების საფრთხე ყოველთვის არსებობს, მაგრამ მთავარია, რა უნდა ამოვიკითხოთ ჩვენი პარტნიორის, აშშ-ის გზავნილებში, – განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.
„აშშ, ჩვენი ფინანსური, პოლიტიკური, სამხედრო პარტნიორი ამბობს, რომ მე ვარ ის, ვისთანაც შენ გაქვს ურთიერთობა, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან. იმას კი არ ამბობს, საქართველოსთან კოლონიალისტური ურთიერთობა მაქვსო, როგორც სააკაშვილი და მისი გუნდი ამბობს?! ჩინეთი, რომელსაც თავისი ეკონომიკური ინტერესები აქვს და აშშ-თან მნიშვნელოვანი ტვირთბრუნვა აქვს, მასთან ამავე დროს, სერიოზული დაპირისპირების სტადიაშია. იგივე რუსეთს უნდა, რეგიონში წამყვანი ქვეყანა იყოს. პატარა საქართველომ კი ამ ქვეყნებიდან უკვე აირჩია, თავისი არჩევანი გააკეთა და აშშ-ის გვერდით დგას ისე, რომ აშშ-იც მის გვერდით დგას. რასაკვირველია, მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე, ეკონომიკურ ბაზარზე და თუნდაც, სამხედრო თვალსაზრისით, საქართველოსთან მიმართებაში ამ დიდი მოთამაშეების პოზიციას და ადგილს აშშ ყოველთვის გაუსვამს ხაზს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ამ განცხადებით გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, ნიშნავს თუ არა აშშ-ის პირველი დიპლომატის მხრიდან ანაკლიის პორტის საკითხზე აქცენტირება იმას, რომ ვაშინგტონი ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების პროცესში გარკვეულ საფრთხეებს ხედავს.
მისი თქმით, როდესაც მაიკ პომპეო ამბობს, რომ ანაკლიის პორტი აშშ-ისთვის მნიშვნელოვანია, ეს არის მოწოდება მათთვის, ვინც აშშ-ის ეკონომიკურ ინტერესებს ენდობა და ვინც მისი მჭიდრო პარტნიორია.
„ეს არ არის მხოლოდ საქართველო. ეს არის დასავლეთ ევროპა და ძალიან ბევრი ბიზნეს კომპანია, რომელიც საქართველოში სტაბილურობას სწორად აფასებს. მაიკ პომპეომ ამის ხაზგასმა მოახდინა და არა იმის ხაზგასმა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მას რამე შეკითხვა გააჩნია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.