გია ვოლსკი - ლექციის ჩაშლა კი არა, ტელევიზიებში ლექტორების პანღურებით და ცემით გამოგდების ფაქტები ვიხილეთ და არ დასმულა კითხვა, არის თუ არა გამოსაძიებელი ეს შემთხვევები
გია ვოლსკი - ლექციის ჩაშლა კი არა, ტელევიზიებში ლექტორების პანღურებით და ცემით გამოგდების ფაქტები ვიხილეთ და არ დასმულა კითხვა, არის თუ არა გამოსაძიებელი ეს შემთხვევები

ლექციის ჩაშლა კი არა, ტელევიზიებში ლექტორების პანღურებით და ცემით გამოგდების ფაქტები ვიხილეთ და არ დასმულა კითხვა, არის თუ არა გამოსაძიებელი ეს შემთხვევები, სტუდენტების ჯგუფის ქცევაც ორგანიზებულობის გარკვეულ ნიშნებს ატარებდა, ორმაგი სტანდარტი დამაზიანებელია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ყვარელში ლევან ბერძენიშვილის ლექციის ჩაშლასთან დაკავშირებით დაგეგმილი იყო პროვოკაცია და ამ პროვოკაციაზე კონკრეტული ადამიანების ჯგუფი ადვილად წამოეგო.

„ეს ქვეყანა არის ხალხის და ნურცერთი პოლიტიკური ძალა, „ალტ ინფო“ იქნება თუ სხვა, ნუ დაიჩემებს, რომ ეს ქვეყანა მისია. „ალტ ინფოს“ მოვუწოდებ, ქვეყნის კუთვნილებას ნუ დაიჩემებს. მიმაჩნია, რომ ლექციის ჩაშლასთან დაკავშირებით დაგეგმილი იყო პროვოკაცია და ამ პროვოკაციაზე კონკრეტული ადამიანების ჯგუფი ადვილად წამოეგო. არა მხოლოდ კახელებისთვის, არამედ, ზოგადად, ქართველებისთვის შეურაცხმყოფელი პოზიცია, რომელიც ბევრ საკითხზე გააჩნია ლევან ბერძენიშვილს. ეს რეალობაა და ამ რეალობას ხშირად გაიმეორებენ იმისათვის, რომ ასეთი ინციდენტები მოხდეს. ამ ინციდენტს „ალტ ინფო“ წამოეგება თუ ნებისმიერი სხვა, ეს შემთხვევის ამბავია. რაც შეეხება კახეთში ლექციის ჩატარებას ლევან ბერძენიშვილის მიერ, რასაკვირველია, ეს პროვოკაციული თემაა. სულ რომ არ არსებობდეს „ალტ ინფო“, ეს პროვოკაციული თემაა და სწორედაც რომ ასეთ დაპირისპირებას ითვალისწინებდა ეს პროვოკაცია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება იმას, უნდა დაიწყოს თუ არა მომხდართან დაკავშირებით გამოძიება, პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, საკითხზე გადაწყვეტილება შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა მიიღონ.

„ზუსტად ის მოხდა, რისთვისაც იგეგმებოდა ე.წ. ლექცია. ფაქტია, რომ ამ ყველაფერს პროვოკაციის სუნი ასდის და ლევან ბერძენიშვილი პროვოკატორთა სამსახურში ჩადგა. უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება, ეს იმ სტრუქტურებმა უნდა გვითხრან, რომლებიც ვალდებული არიან, გადაწყვეტილება მიიღონ. საინტერესო ის არის, რომ ლექციის ჩაშლა კი არა, ტელევიზიებში ლექტორების პანღურებით და ცემით გამოგდების ფაქტები ვიხილეთ და არ დასმულა კითხვა, არის თუ არა გამოსაძიებელი ეს შემთხვევები, რომლებიც სადისტური ქცევებით იყო გამორჩეული სტუდენტების მხრიდან ლექტორების მიმართ და ამ სტუდენტების ჯგუფის ქცევაც ორგანიზებულობის გარკვეულ  ნიშნებს ატარებდა. ორმაგი სტანდარტი დამაზიანებელია“, – განაცხადა ვოლსკიმ.