გია ვოლსკი - „ლელოს“ არანაირი რესურსი არ გააჩნია ყბადაღებული „მარშალის გეგმის“ ჩამოსაყალიბებლად, ერთადერთი, რითიც ხაზარაძემ თავი დაამახსოვრა საზოგადოებას, „ფორდ მუსტანგით“ რეგიონების შემოვლაა
„ლელოს“ არანაირი რესურსი არ გააჩნია ყბადაღებული „მარშალის გეგმის“ ჩამოსაყალიბებლად, გარდა იმისა, რომ ცრუ დაპირებები გასცეს და არც იმაზეა გაანგარიშება, რამდენია საქონელი, მომსახურება, რომელიც ბაზარს მიეწოდება და რა შესაბამისობაშია ეს ფასების ინდექსებთან და ასე შემდეგ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, „ლელოში“ არ აქვთ გაკეთებული მთელი რიგი ეკონომიკური გათვლები, ვერც გააკეთებდნენ.
„ფაქტობრივად, ერთადერთი, რითიც თავი დაამახსოვრა ხაზარაძემ საზოგადოებას, ეს არის ის, რომ რეგიონების შემოვლა გადაწყვიტა „ფორდ მუსტანგით“. ნაკლები ინტელექტუალური რესურსის არგამოსაჩენად, შესაფუთად ურჩევნიათ, დარჩნენ გარეთ, ვინაიდან შეკითხვები მათთან ბევრია. მათი პოზიცია უფრო საინტერესო ხდება ჟურნალისტებისთვის და საზოგადოებრივი ცნობადობა უმაღლდებათ, სხვა თემაზე გადააქვთ ყურადღება ერთიდან მეორე სისულელის მერე, რაც ამ პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა განაცხადეს.
ვფიქრობ, ასეთი ხედვა არ მაქვს მარტო მე და ჩვენს პოლიტიკურ გუნდს. საზოგადოებაში კარგად ხედავენ, საკმაოდ შერცხვენილი დარჩნენ ბევრი ასპექტით – ტყუილების ლაპარაკით, თაღლითობით, რომელიც აბსოლუტურად დადასტურებულია და ამის თაობაზე თავადვე განაცხადეს. დღეს თუ სასჯელს არ იხდიან, ეს იმიტომ, რომ დანაშაული ვადაგადასულია. ახლა, ბოლო პერიოდში, მუსტანგი, ლა მანში, აი, ამ საკითხებით არიან დაკავებული და ეს განცხადება საჭირო იყო იმისთვის, რომ მათ მიმართ ყურადღება სხვა ასპექტიდან ყოფილიყო განხილული და არა იმ დანაშაულებებიდან და სისულელეებიდან, რაც ბოლო პერიოდში მოვისმინეთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.