გია ვოლსკი - ხელისუფლება ამბობს, რომ მელია ორგანიზატორი თუ არა, შეტევისას მოწინავეთა შორის იყო, ახლა ყველაფერი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ სალომე სამადაშვილის მიერ დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ დღეს გაკეთებულ განცხადებას არაკომპეტენტურს უწოდებს.
მისი თქმით, ხელისუფლება არავის არაფერში ადანაშაულებს და ყველაფერი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.
„ეს არაკომპეტენტური განცხადებაა. ხელისუფლება არავის არაფერში ადანაშაულებს, ხელისუფლება ამბობს, რომ ნიკა მელია ორგანიზატორი თუ არა, შეტევის დროს ერთ-ერთ მოწინავეთა შორის იყო. პარლამენტმა პროკურატურას უფლება მისცა, კონკრეტული დეპუტატის მიმართ სამართლებრივი წესებით იმოქმედოს. ახლა ყველაფერი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. თუ არსებობს უწყვეტი კადრები ან მისი უდანაშაულობის რამე დამადასტურებელი, ეს უსამართლობა სასამართლოს განაჩენში დადასტურებული იქნება, მაგრამ რეალურად არსებობს კადრები, რომელიც სხვა რამეს მიუთითებს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, ამის შესახებ შესაძლოა, პოლიტიკოსმა ისაუბროს, თუმცა საბოლოო სიტყვა სასამართლოს ეკუთვნის.
„თუ რამე დამამტკიცებელი საბუთი არსებობს, სასამართლოს უნდა წარუდგინონ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.