სალომე სამადაშვილი - დიპლომატიური კორპუსისთვის ნათელია, რომ ხელისუფლება 20 ივნისის მოვლენებს ოპოზიციის წინააღმდეგ პროპაგანდისთვის იყენებს
სალომე სამადაშვილი - დიპლომატიური კორპუსისთვის ნათელია, რომ ხელისუფლება 20 ივნისის მოვლენებს ოპოზიციის წინააღმდეგ პროპაგანდისთვის იყენებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა, სადაც 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელეს.

ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე დიპლომატებს ის უწყვეტი კადრები გააცნეს, რომელიც ადასტურებს, რომ ნიკა მელია რეალურად ცდილობდა, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების პროცესი დაწყებულიყო მაშინ, როცა მას ხელისუფლება პარლამენტში ძალადობრივ შეჭრის მცდელობაში ადანაშაულებს.

„ასევე იმ ტყუილზე ვისაუბრეთ, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრმა 20 ივნისის მოვლენებზე გააჟღერა. საუბარი მქონდა იმაზეც, რომ გახარიამ მოიტყუა, როცა თქვა, რომ პარტნიორი ქვეყნების ელჩები მონაწილეობდნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ასევე საუბარი იყო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზეც. თხოვნა იყო, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა საპარლამენტო პროცესში, რომელიც გავრილოვის ღამის გამოძიებას უკავშირდება. შთაბეჭდილება მრჩება, რომ დიპლომატიური კორპუსისთვის ნათელია, რომ ხელისუფლება არ ცდილობს, რეალურად არც გამოძიების პროცესის წარმართვას, არც სიმართლის დადგენას და 20 ივნისის მოვლენებს საკუთარი დღის წესრიგისთვის, პროპაგანდისთვის იყენებს, რომელსაც ოპოზიციის წინააღმდეგ ეწევა. მათ ამის შესაძლებლობას არ მივცემთ, რადგან ჩვენს ხელთ არის ყველაზე ძლიერი იარაღი – სიმართლე”, – განუცხადა სამადაშვილმა ჟურნალისტებს.