გია ვოლსკი - კეზერაშვილმა ხერხემლისგან წარმოშვა ქურქუმალი და შემდეგ ისევ ხერხემალი გამოჩნდა ასპარეზზე
დავით კეზერაშვილმა ხერხემლისგან წარმოშვა ქურქუმალი და შემდეგ ისევ ხერხემალი გამოჩნდა ასპარეზზე, ეს მისი სცენარია, უბადრუკი სცენარია, თუმცა ფინანსურად ძლიერ უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
ვოლსკის თქმით, კეზერაშვილმა ინტერვიუს დროს დაადასტურა, რომ პოლიტიკურ პროცესებს მართავს.
„საზოგადოებამ უყურა იმ სამარცხვინო კომენტარებს, რომლებიც გააკეთა კეზერაშვილმა და დაადასტურა, რომ იგი არის ადამიანი, ვინც მართავს პოლიტიკურ პროცესებს და აფინანსებს ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მას მიმართავს. რაღაც მაფიოზურ-ოლიგარქიულ-პოლიტიკური მიქსი წარმოადგინა, რომლისგანაც ყველა ოპოზიციურმა ძალამ შორს დაიჭირა თავი, მაგრამ ფაქტია, რომ მან შექმნა, ხერხემლისგან წარმოშვა ქურქუმალი და შემდეგ ისევ ხერხემალი გამოჩნდა ასპარეზზე. ეს მისი სცენარია, უბადრუკი სცენარია, თუმცა ფინანსურად ძლიერად უზრუნველყოფილი. ალბათ უფრო მკაფიო კომენტარები უნდა გააკეთოს იმასთან დაკავშირებით, რას წარმოადგენს თავად კეზერაშვილი, როდის იშოვა მან ფული. არის სასამართლოს დასკვნა, რომ მილიონებია მიღებული არაკანონიერად საქართველოს ბიუჯეტიდან მაშინ, როდესაც იგი სამხედრო უწყებას ხელმძღვანელობდა. ამის საპირისპირო არგუმენტი და ფაქტები ჯერ არავის მოუსმენია“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „ცოტა ადამიანია, ვინც ეხმარება პროდასავლურ ფლანგს. მე ვარ ერთ-ერთი და ვაპირებ, გავაგრძელო ბრძოლა ბოლომდე. არიან სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტები, სამოქალაქო საზოგადოების სუბიექტებიც, რომლებსაც ხშირად სჭირდებათ დახმარება, ასეთი სურვილი თუ არსებობს იქითა მხრიდან, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ეს გავაკეთო. პრინციპი არის ორი: უნდა იყოს აუცილებლად პროდასავლური, მეორე – უნდა იყოს სურვილი იქითა მხრიდან, რადგან მე არ დავდივარ და არ ვეძებ ადამიანებს, პარტნიორებს საქართველოში, ვისაც ვეხვეწები, რომ მოდით, მინდა, რაღაცით მოგეხმაროთ“.