გია ვოლსკი აცხადებს, რომ ექვსი ოპოზიციონერი დეპუტატის დღევანდელ განცხადებაში უფრო მეტი პოლიტიკური სპეკულაციაა, ვიდრე რეალობა
კანონი მისაღებია, მიუღებელია თუ არა და სტანდარტებს შეესაბამება თუ არა, ეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ იმ მოსამართლემ, რომელსაც წინასწარ არ აქვს ჩამოყალიბებული საკუთარი პოზიცია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
გია ვოლსკი აღნიშნული კომენტარით პარლამენტის წევრების, თეონა აქუბარდიას, ხათუნა სამნიძის, თამარ კორძაიას, ხატია დეკანოიძის, ანა ბუჩუკურისა და ანა ნაცვლიშვილი ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც გია ვოლსკი ამბობს, ოპოზიციონერების განცხადებაში უფრო მეტი პოლიტიკური სპეკულაციაა, ვიდრე რეალობა.
„დეპუტატი ქალების განცხადებაა თუ კაცების, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ყველანაირ პოლიტიკურ ასპექტს რომ თავი დავანებოთ, ჩამოყალიბებული აზრი არსებობს – გადაწყვეტილება იმ ადამიანმა არ უნდა მიიღოს, ვისაც წინასწარ აქვს თავისი პოზიცია გაცხადებული. ეს მოსამართლე იქნება, სოფლის თავი, გამგებელი თუ ოჯახის წევრი. ნებისმიერ შემთხვევაში, განსაკუთრებით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე საკუთარ თავს უნდა აძლევდეს აცილებას იმ საკითხის განხილვას, სადაც ცოტა ხნით ადრე თავად მყარი პოზიცია აქვს ჩამოყალიბებული. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს უფლება აქვს, მოსამართლის აცილება მოითხოვოს, რადგან მოპასუხე მხარეა. სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, არავინ იცის. კანონი მისაღებია, მიუღებელია თუ არა და სტანდარტებს შეესაბამება თუ არა, ეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ იმ მოსამართლემ, რომელსაც წინასწარ საკუთარი პოზიცია არ აქვს ჩამოყალიბებული. ოპოზიციონერების განცხადებაში უფრო მეტი პოლიტიკური სპეკულაციაა, ვიდრე რეალობა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკონსტიტუციო სასამართლოში „საერთო სასამართლოების შესახებ“კანონზე მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის აცილებას ითხოვს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის განმარტებით, აცილების მიზეზია გიორგი კვერენჩხილაძის სოციალურ ქსელში დაფიქსირებული რეაქცია ერთ-ერთი მოსამართლის სტატუსზე, რომელიც ამ კანონის თაობაზე იყო განთავსებული:
„ადამიანმა, რომელიც არის მომხსენებელი მოსამართლე, წინასწარ ღიად და საჯაროდ დააფიქსირა მხარდამჭერი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს ჩვენ ვიღებდით მოსამართლეთა დაშინების, ზეწოლის ნორმებს. ეს ადასტურებს, რომ ამ მოსამართლემ პირდაპირ, საჯაროდ დააფიქსირა პოზიცია და გამოხატა დამოკიდებულება საქმისადმი, რომელიც მან უნდა განიხილოს და იყოს მომხსენებელი. არსებობს ობიექტური, მყარი საფუძველი ასეთი მოსამართლის აცილების, ვინაირად მან საჯაროდ დააფიქსირა პოზიცია და იქნება მიკერძოებული“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
საკითხთან დაკავშირებით დღეს პარლამენტის წევრებმა, თეონა აქუბარდიამ, ხათუნა სამნიძემ, თამარ კორძაიამ, ხატია დეკანოიძემ, ანა ბუჩუკურმა და ანა ნაცვლიშვილმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მმართველი პარტიის დეპუტატების პოლიტიკური განცხადებები საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსახილველ სარჩელზე მის განხილვამდე სხვა არაფერია, თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოზე გავლენის მოხდენის მცდელობა პარლამენტის მხრიდან და საქმის პოლიტიზაცია.