გია ვოლსკი - ისრაელის საგამოძიებო უწყებები დავით კეზერაშვილის საქმიანობით დაინტერესდნენ, რომელიც იარაღით ვაჭრობის თემას უკავშირდება
გია ვოლსკი - ისრაელის საგამოძიებო უწყებები დავით კეზერაშვილის საქმიანობით დაინტერესდნენ, რომელიც იარაღით ვაჭრობის თემას უკავშირდება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, ისრაელის საგამოძიებო უწყებები საქართველოს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის საქმიანობით დაინტერესდნენ, რომელიც იარაღით ვაჭრობის თემას უკავშირდება.

როგორც გია ვოლსკიმ განაცხადა, აქვს ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს საკმაოდ ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები კეზერაშვილისა და კიდევ ერთი მაღალჩინოსნის საქმიანობაზე.

„საქართველოშიც ბურუსით მოცულ ვითარებაში დატოვა კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტი. იქამდე რამდენადაც ვიცი, დეკლარირებული არ ჰქონდა ქონება, თუმცა ომის შემდეგ ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიაში მილიარდობით ბრუნვა გამოვლინდა. გარდა ამისა, არის თემები, რომელიც ეხება პროკურატურის მიერ მიმდინარე გამოძიებას. ერთი არის საფინანსო გადაცდომების საკითხი და 7 ნოემბრის დარბევის საკითხი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გია ვოლსკი კეზერაშვილთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს ტელევიზიის გახსნას არ უკავშირებს და აცხადებს, რომ პროკურატურის დაინტერესება ლეგიტიმურია.

„დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში პროკურატურის დაინტერესება პოლიტიკურ ან მედიაში საქმიანობასთან დაკავშირება „მოდური“ ქცევა გახდა. ძალიან მოდაში შემოვიდა ყველაფერი უკავშირდება ან პოლიტიკას, ან ტელევიზიის დაარსების გეგმას, მაგრამ ჩვენ რეალურად ვხედავთ, რომ დანაშაულის ნიშნები არსებობს. დანაშაულის ნიშნების არსებობაზე გამოძიების არჩატარება ნიშნავს, რომ ადამიანი გაშინებს, ან ინდულგენციას ყიდულობს თავისი პოლიტიკური გეგმების განცხადებით“, – განაცხადა ვოლსკიმ.