გია ვოლსკი - ისეთი არაფერი ხდება, მინისტრები, მთავრობები იცვლებიან, ნებისმიერი ჩვენგანი შესაძლოა, ნებისმიერ დროს შეიცვალოს
ისეთი არაფერი ხდება, მინისტრები, მთავრობები იცვლებიან და ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება, ნებისმიერ დროს შეიცვალოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ეკატერინე ტიკარაძის მიერ თანამდებობის დატოვებაზე საუბრისას განაცხადა.
გია ვოლსკი ფიქრობს, რომ მომავალი მინისტრის კანდიდატურის შესახებ, ალბათ უახლოეს დღეებში პოლიტსაბჭო საქმის კურსში იქნება.
„ორი წლის განმავლობაში ეკატერინე ტიკარაძემ საკმაოდ მძიმე რეჟიმში იმუშავა. იყო სერიოზული შემოტევები. როცა კოვიდმდგომარეობა ასეთია და ეს ყველაფერი ჯანმრთელობასთანაა დაკავშირებული, არის გარემოებები, რომლებიც ნებისმიერ ადამიანს სერიოზულად დაძაბავს. თანამდებობიდან წასვლის დეტალებზე ტიკარაძე თუ არ საუბრობს და აცხადებს, რომ მოგვიანებით ექნება განცხადება, ჩემი შეხედულების გამოხატვისგან თავს შევიკავებდი, თუმცა ისეთი არაფერი ხდება – მინისტრები, მთავრობები იცვლებიან და ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება, ნებისმიერ დროს შეიცვალოს.
როგორ შეიძლება, მომავალი მინისტრის კანდიდატურაზე არავინ ფიქრობდეს? დარწმუნებული ვარ, მთავრობაში ამ თემაზე არის ლაპარაკი. ალბათ, უახლოეს დღეებში პოლიტსაბჭო ჩადგება საქმის კურსში. ტიკარაძის პოსტიდან წასვლაზე კომენტარი თუ არ მაქვს, არ ნიშნავს, რომ რაღაცას გიმალავთ. შეიძლება, დეტალებზე კიდევ მეტი ინფორმაცია იყოს. შეიძლება, ეს უკავშირდებოდეს გარკვეული პოზიციების შეუთავსებლობას, შეუთანხმებლობას, რომელიც მთავრობის გარკვეულ ნაწილს აქვს. რასაკვირველია, ტყუილად არაფერი ხდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც დეტალები მაქვს, რაღაც სკანდალურად მიმაჩნია და არ გეუბნებით. კომენტარს თუ არ ვაკეთებ, არ ნიშნავს, რომ სკანდალურობას ვუსვამ ხაზს“, – განაცხადა გია ვოსლკიმ.
ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა გუშინ დატოვა. ტიკარაძის თქმით, საქმიანობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.
ეკატერინე ტიკარაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად 2019 წლის 18 ივნისს დაინიშნა.