გია ვოლსკი - ირაკლი შოთაძეს ურთულეს პერიოდში მოუწია მუშაობა, მის დროს პროკურატურაში საინტერესო რეფორმები განხორციელდა და ბევრი საქმეც გაიხსნა
გია ვოლსკი - ირაკლი შოთაძეს ურთულეს პერიოდში მოუწია მუშაობა, მის დროს პროკურატურაში საინტერესო რეფორმები განხორციელდა და ბევრი საქმეც გაიხსნა

პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს უჭერს.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურაში კადრების დეფიციტი არ არის და შოთაძის მიმართ მისი მხარდაჭერა ამას არ უკავშირდება.

ვოლსკის განმარტებით, ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორობის პერიოდში საინტერესო რეფორმები განხორციელდა და ბევრი საქმეც გაიხსნა.

„ირაკლი შოთაძეს თუ გაუწევენ რეკომენდაციას, მე მხარს დავუჭერ და არა იმიტომ, რომ რამე პრობლემაა, პირიქით, მის პერიოდში საკმაოდ საინტერესო რეფორმები განხორციელდა, ურთულეს პირობებში უწევდა მუშაობა, საკმაოდ ბევრი საქმეც არის გახსნილი და სწორად წარმართული სასამართლოში. ასე რომ, ირაკლი საკმაოდ კარგი კადრია, აქ არავითარ დეფიციტზე საუბარი არ არის“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, ვოლსკის თქმით, ირაკლი შოთაძემ გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან  ხორავას ქუჩის ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნა და მის მიერ გავლენის მოხდენაზე ოპოზიციისგან სპეკულაციები თავიდან აირიდა.

თუმცა, ვოლსკის თქმით, ის არ ფიქრობს, რომ მაშინ ირაკლი შოთაძემ გადადგომის თაობაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

„ვფიქრობ, მაშინ გადაწყვეტილება მიიღო, რადგან გავლენის თემაზე სპეკულაცია არ ყოფილიყო ოპოზიციის მხრიდან. ირაკლი შოთაძის  მაშინდელი გადაწყვეტილება  არ მიმაჩნია სწორად, მაგრამ ეს მის პიროვნულ პოზიციაზე კარგად მეტყველებს. პროცესი ჩატარდა, ვფიქრობ, სპეკულაციებით იყო აღსავსე იმ ადამიანების პოზიცია, რომლებსაც ჩვენ ვუწოდებთ ოპონენტებს, მაგრამ რეალობაში ქვეყანას სჭირდება პროფესიონალი პროკურატურა, რომელიც ფაქტია, რომ არსებობს“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე კიდევ ორი კანდიდატი წარედგინა.

საპროკურორო საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, იურისტმა დავით კოდანაშვილმა საპროკურორო საბჭოს პირადად მიმართა საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად დარეგისტრირების განაცხადით, იურისტ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა კი საპროკურორო საბჭოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა „საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ წარუდგინა.

დღეისთვის საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის ცხრა კანდიდატია წარმოდგენილი. წარდგენილი კანდიდატების ვინაობა საჯაროა და მონაცემები საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე აიტვირთება.

კონსულტაციები და კანდიდატების წარდგენა გრძელდება 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით.

საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის წესის თანახმად, ერთთვიანი კონსულტაციების შედეგად საპროკურორო საბჭო შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს.

გენერალური პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელიც სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს გენერალურ პროკურორს.