გია ვოლსკი - ირაკლი კობახიძე პარლამენტის კარგი თავმჯდომარეა და მისი თანამდებობიდან გადაყენებაზე საუბარი ინტრიგნობაა
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძე პარლამენტის კარგი თავმჯდომარეა და მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე საუბარი ინტრიგნობაა.
ჟურნალისტებთან საუბარში ვოლსკი დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებას გამოეხმაურა.
„ეს ინტრიგნული გამოსვლა მგონია, ვიდრე რეალობასთან ახლოს მყოფი. ეს ძველი სიტყვა საბჭოთა პერიოდიდან მოდის, მაგრამ ეს პათოსიც იგივეა. არ შემიმჩნევია, რომ ირაკლი კობახიძეს რომელიმე დეპუტატისთვის სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა. არ მგონია, რომელიმე დეპუტატს ამის ნაკლებობა ჰქონდეს, მით უმეტეს, ეკა ბესელიას. შეიძლება, ზოგჯერ, რეგლამენტი სხდომის დროულად დაწყებაზე ირღვევა, მაგრამ ამას ობიექტური მიზეზები აქვს. სხდომის წაყვანა ძალიან რთულია, მით უმეტეს, როცა ამდენი ხალხია”, – განაცხადა ვოლსკიმ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ეკა ბესელიასა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შორის კამათი მოხდა. ამასთან, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძის ყველა დარღვევას აგროვებს და მისი პასუხისმგებლობის საკითხს დასვამს.