გია ვოლსკი - გვიკიჟინებენ, რომ სანქცირების რეჟიმში გადავიდეთ, თუმცა ამით საქართველო ეკონომიკურად დაზარალდება, დიდი საფრთხეა, დაზარალდეს სამხედრო თვალსაზრისითაც
გვიკიჟინებენ, რომ სანქცირების რეჟიმში გადავიდეთ, თუმცა ამით საქართველო ეკონომიკურად დაზარალდება და დიდი საფრთხეა, დაზარალდეს სამხედრო თვალსაზრისითაც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, „რუსეთს თავისი ინტერესი გააჩნია და თავისი ნაბიჯებით პოლოტიკურად უპირისპირდება ევროკავშირს, მაგრამ არ დაივიწყოთ, რომ როცა ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება, ყველა ქვეყანა თავისი პრინციპით და დამოკიდებულებით მოქმედებს“.
„არ დაგავიწყდეთ, რომ რუსეთი ევროპას გაზს უკრაინის გავლით აწვდის და ის ოდენობა სამჯერ აღემატება მთლიან საქონელბრუნვას, რაც საქართველოს რუსეთთან გააჩნია. ყველა თავისი ინტერესებით მოქმედებს. ელენე ხოშტარია წლების წინ სხვა კონიუნქტურიდან გამომდინარე აკეთებდა განცხადებებს, ახლა სხვა ინტერესი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ბიუჯეტიდან ფინანსდება მისი ოჯახი.
„ნაცმოძრაობის“ დროს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მისაღებად საქართველომ გადამწყვეტი სიტყვა თქვა და რუსეთი მიიღეს. რუსეთი საქართველოს თანხმობით მიიღეს, თუმცა ქვეყანას სამაგიეროდ არაფერი მიუღია. ჩვენთვის სამაგიეროა ჩვენი ასიათასობით თანამემულის ინტერესი, რომ სამჯერ მეტი თანხა არ გადაიხადონ, რათა თავის სამშობლოში ჩამოვიდნენ. საქართველოს სხვა ინტერესი არ გააჩნია. გვიკიჟინებენ, რომ სანქცირების რეჟიმში გადავიდეთ, თუმცა ამით საქართველო დაზარალდება ეკონომიკურად და საფრთხეა დიდი, დაზარალდეს სამხედრო თვალსაზრისითაც. აგრესიას და საზღვრების გადაწევას ვგულისხმობ. თუნდაც ისეთს, რასაც რუსეთი უკარაინასთან მიმართებაში ატარებს. რუსეთს უამრავი რესურსი გააჩნია, დაგაზიანოს და ამ დროს გვიკიჟინებენ, რომ ისეთ რეჟიმში გადავიდეთ, რაც ზიანს მხოლოდ ჩვენ მოგვიტანს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.