გია ვოლსკი - გუშინდელ შეხვედრაზე იყო საუბარი განათლების მინისტრთან დაკავშირებით შესაძლო საკადრო გადაწყვეტილების თემაზე
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, უმრავლესობის გუშინდელ შეხვედრაზე განათლების მინისტრთან დაკავშირებით იყო საუბარი.
ვოლსკის თქმით, საკადრო გადაწყვეტილების შემთხვევაში განცხადებას პრემიერ-მინისტრი გააკეთებს.
„გუშინდელ შეხვედრაზე განათლების მინისტრთან დაკავშირებით იყო საუბარი, შესაძლო საკადრო გადაწყვეტილების თემასთან დაკავშირებით. გავცვალეთ გარკვეული აზრები ამ საკითხთან, ზოგადად საგანმანათლებლო სისტემასთან დაკავშირებით. საკმაოდ საინტერესო მოსაზრებებიც მოვისმინეთ. საკადრო გადაწყვეტილებების თემა საბოლოოდ თუ იქნება დადასტურებული, ამის თაობაზე განცხადებას გააკეთებს ის ადამიანი, ვინც იღებს ამ გადაწყვეტილებას, კერძოდ, პრემიერ-მინისტრი“, – განუცხადა გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს.
ამასთან, ვოლსკის განმარტებით, პარტიას არავინ დატოვებს.
„გარკვეული მოსაზრებები ჩამოყალიბდა იმ კენჭისყრის შემდეგ, რომელიც ეხებოდა საერთაშორისო სტრუქტურებიდან დაფინანსებული ორგანიზაციების გამჭვირვალობას. არიან ადამიანები, ვინც ამ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი პოლიტიკურად გაემიჯნენ „ქართულ ოცნებას“. გარკვეული მოსაზრებები აქვთ და გადაწყვეტილებებსაც თვითონ მიიღებენ. რასაკვირველია, აქ რეპრესიული სისტემა არ მუშაობს, წავიდა, 2012-ის შემდეგ ჩავაბარეთ წარსულს რეპრესიები, ნებისმიერი სახის, შიდაპოლიტიკური, სახელმწიფო დონეზე თუ საზოგადოების მიმართ. ასე რომ, სავსებით ჯანსაღი მსჯელობა იყო ამ თემაზეც და სხვა არაერთ საკითხზეც, მათ შორის საერთაშორისო მდგომარეობასთან დაკავშირებით. ურთულესი სიტუაციაა შექმნილი მსოფლიოში და, რასაკვირველია, გაცილებით გლობალური თემებიც იქნა განხილული, ვიდრე ცალკეული მიმართულებები, თუნდაც კონკრეტულ განათლების სფეროში“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.