გია ვოლსკი - გიგი უგულავა კარგად აცნობიერებდა, რომ 50 მილიონის მოპარვა ასე არ ჩაივლიდა და ვეჭვობ, ამას უკავშირდებოდა მისი აგრესიული პოლიტიკური აქტივობები
გიგი უგულავა თავადაც კარგად აცნობიერებდა, რომ 50 მილიონის მოპარვა ასე არ ჩაივლიდა და გადაწყვეტილება დადგებოდა, ჩემი ეჭვია, რომ მისი აგრესიული პოლიტიკური აქტივობები სწორედ ამასთან იყო დაკავშირებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.
ამასთან, დეპუტატის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან კარგად იციან, რომ ბიუჯეტისთვის ხელისხლება სერიოზული დანაშაულია და ეს გათანაბრებულია ყველაზე მძიმე დანაშაულთან, რისთვისაც საკმაოდ ბევრი ადამიანია დასჯილი, მათ შორის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები.
„გიგი უგულავამ ბიუჯეტს გაცილებით მეტი ზარალი მიაყენა, თან პირადი მოქმედებებით და დატაცების მთელი სისტემა შექმნა. ამ თემაზე კომპრომისი ვერ იქნებოდა, რომელი პროკურატურაც არ უნდა ყოფილიყო მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. ეს პროცესი 2013 წლიდან დაიწყო და არ შეჩერებულა. გიგი უგულავამ და ოპონენტებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ თემა დამთავრებული არ არის, გასაჩივრებული იყო უზენაეს სასამართლოში და იცოდნენ ის მძიმე მაგალითებიც, რაც საქართველოსა და მსოფლიოში მოხდა ასეთი დანაშაულების შემთხვევაში. კონკრეტული ქალაქის მერები და საკრებულოს წარმომადგენლები დაკავებული არიან 200 000-500 000 ლარის გაფლანგვის გამო და პროკურატურა კომპრომისს არ დაუშვებდა იმიტომ, რომ აქ პოლიტიკური თემაც არსებობს”, – განაცხადა ვოლსკიმ.
მიმდინარე წლის 10 თებერვალს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო და სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა.