გია ვოლსკი - ფიზიკური დაპირისპირება დაუშვებელია, პარლამენტში არ უნდა ხდებოდეს
გია ვოლსკი - ფიზიკური დაპირისპირება დაუშვებელია, პარლამენტში არ უნდა ხდებოდეს

ფიზიკური დაპირისპირება დაუშვებელია და პარლამენტში არ უნდა ხდებოდეს, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დეპუტატებს, ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

ამასთან, უმრავლესობის ლიდერი მიიჩნევს, რომ მომხდარი საკანონმდებლო ორგანოს ეთიკის საბჭომ უნდა განიხილოს.

„მე წინააღმდეგი ვარ, რომ სამართლებრივი გაგრძელება მოყვეს, თუმცა არსებობს ეთიკის საბჭო და განიხილონ. ერთია, როცა პოლიტიკური დაპირისპირებაა, მეორეა, როდესაც ეს დაპირისპირება გადადის ფიზიკურში. ეს დაუშვებელია, არ უნდა ხდებოდეს პარლამენტში, თუმცა როგორც ზარდიაშვილმა განმარტა, მას არ უგულისხმია პიროვნული შეურაცხყოფა და პოლიტიკაზე ჰქონდა ლაპარაკი გედევან ფოფხაძესთან შელაპარაკების დროს. მე მჯერა ამ პოზიციის და ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის, რასაც უნდა ვუჭერდეთ მხარს. არ შეიძლება, ადამიანურ თემებზე და მით უმეტეს გრძნობებზე გარკვეული ზემოქმედება, მაშინ როდესაც დავა ნამდვილად პოლიტიკურია და პარლამენტი ნამდვილად პოლიტიკური ფორმატია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, მისი შეფასებით, პოლიტიკური უზნეობაა დეპუტატ ეკა ბესელიას მხრიდან ბიძინა ივანიშვილზე გალაშქრება.

„პოლიტიკური უზნეობაა ეკას მხრიდან ბიძინა ივანიშვილზე გალაშქრება ყოველი კომენტარის გაკეთების დროს, ვინაიდან ზუსტად იცის თავად, რომ არ არის სამართლიანი, რასაც ის აკეთებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ეს არ არის უმრავლესობის ხელწერა, ვინმეს შანტაჟი მოახდინოს. ზუსტად იცის თვითონ, რომ ეს ასე არ არის, ზუსტად იცის, ვინ მოახდინა ჩაწერა, შანტაჟი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მირანდა ერემაძეს უსმენდნენ, დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.