გია ვოლსკი - ფაქტია, სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ლიდერის პოზიციას არ თმობს, საზოგადოებას ჰპირდება, რომ არ დაკარგავს პოზიციებს, ეს შეიძლება, ამოვიკითხოთ მის ფანტასმაგორიულ განცხადებაში
გია ვოლსკი - ფაქტია, სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ლიდერის პოზიციას არ თმობს, საზოგადოებას ჰპირდება, რომ არ დაკარგავს პოზიციებს, ეს შეიძლება, ამოვიკითხოთ მის ფანტასმაგორიულ განცხადებაში

ფაქტია, სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ლიდერის პოზიციას არ თმობს, საზოგადოებას ჰპირდება, რომ არ დაკარგავს პოზიციებს, ეს შეიძლება, ამოვიკითხოთ მის ფანტასმაგორიულ განცხადებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილის წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

ვოლსკის თქმით, სააკაშვილი იმეორებს, რომ გარკვეული ხალხის ჯგუფით კიდევ შემოჭრება პოლიტიკაში.

„არ მგონია, რომ დალაგებული აზრია, რაც გამოხატა. ცოტა აბდაუბდას უფრო ჰგავს, ვიდრე პოლიტიკოსის ან პოლიტიკური ლიდერის შეფასებას. საზოგადოების ქუჩაში გამოყვანა ამა თუ იმ მიზეზით არის „ნაცმოძრაობის“ მთავარი ამოცანა. ეს ამოცანა, მისი ხედვით, არის ის მთავარი რესურსი, რაც გამოაცოცხლებს ან გადაარჩენს რადიკალურ ოპოზიციას.

მას არანაირად არ ენდომება, რომ ვინმე სხვა იკავებდეს ან აჯდებოდეს, თუ მოაჯდეს ამ ტალღას, ნებისმიერი ტალღა უნდა, თავისთვის გადმოქაჩოს, რომ თავად იყოს პირველი და ლიდერი. ფაქტია, ის „ნაცმოძრაობის“ ლიდერის პოზიციას არ თმობს, არც ლევან ხაბეიშვილისთვის და არც ნიკანორ მელიასთვის არ ემეტება. სააკაშვილი ამბობს, რომ თუკი რაიმე მიზეზით გამოსვლები მაინც შედგება, ის არის ლიდერი და არა ნებისმერი სხვა.

ახალი ადამიანების შემოყვანა და გაჯანსაღება არ შველის იმას, რომ არსებობს სისხლის ლაქა, რომელიც მან დაამჩნია საქართველოს მისი მმართველობის პერიოდში. ის იყო სადისტი ადამიანი, არის ასეთივე განწყობის, რომელსაც შეუძლია, ნებისმიერი პოლიტიკური მრწამსის მქონე ადამიანი, თუკი ეს მას დასჭირდა, აწამოს და მოკლას. თავის ხელით არა, ჰყავს ამისთვის შესაბამისი ჯგუფები, ჰყავდა შექმნილი და ეს თემა მისთვის მთავარია. ლიდერის პოზიციის დაკარგვა მას არ უნდა და კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ახალი ხალხით, არა მარტო თვითონ ბარონ მიუნჰაუზენის აზრებით, არამედ გარკვეული ხალხის ჯგუფით კიდევ შემოჭრება პოლიტიკაში. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ნებისმიერი ტალღა, რიმელიც აგორდება, მისი აზრით, იქნება ის ტალღა, რომელიც საკაშვილს აიტაცებს ზეცაში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვოლსკის თქმით, ადამიანს ადეკვატური მსჯელობის უნარი არ აქვს, მაგრამ ზუსტად იცის თავისი გუნდის განწყობების შესახებ.

„ძველი სახეების მოფერებით და ახალი სახეების შემოყვანით ცდილობს, თავისი ფანტაზიები თავს მოახვიოს მთელ ქართულ საზოგადოებას. ხან ძველებს მიეფერება, ხან ახლების შემოყვანას დაჰპირდება, ხან ერთი ადამიანის მიმართ გამოხატავს სიყვარულს და ხან მეორე ადამიანის მიმართ. ეს მას ახასიათებს. დაინახა, რომ ძველი სახეები გადანაწილდნენ სხვადასხვა ნიშაში და ახლა ახალ სახეებზე ალაპარაკდა, რომელსაც არა რომელიმე ოპოზიციური პარტია მოაჯდება, არამედ თავად იქნება ამ ტალღის ამგორებელიც, ლიდერიც და წამყვანიც. საზოგადოებას ჰპირდება, რომ ის არ დაკარგავს პოზიციებს. ეს შეიძლება, ამოვიკითხოთ მის ფანტასმაგორიულ განცხადებაში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა წერილში აღნიშნა: „უკვე არჩევნებამდე უარი უნდა ვთქვათ ილუზიაზე, რომ ჩვენთვის უცნობი ახალგაზრდობა მორიგ ჯერზე გამოვა, ოპოზიციაც ამ ახალ ტალღას მოაჯდება, მე უკვე აქ ვარ და ვაპირებ, აქტიურად ჩავერთო ყველა ღირსეული ადამიანის გაერთიანებაში, მათ შორის მასიურად ახალი ხალხის მოყვანაში“.