გია ვოლსკი - ფაქტია, რომ კეზერაშვილი გამდიდრდა მას შემდეგ, რაც საქართველოს სისხლიანი ჭრილობები მიაყენეს, ხალხი დაიხოცა და ადამიანები ბრძოლის ველზე მიატოვეს
მას შემდეგ, რაც საქართველოს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებული იქნა, თავდაცვის მინისტრი მოგვევლინა, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი შეძლებული ადამიანი,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკი გამოეხმაურა ისრაელის მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ისრაელის პროკურატურა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ახლო ნათესავის, მიხაელ ბენიმინისა და მისი სამი ბიზნესპარტნიორის წინააღმდეგ ბრალის წარდგენას გეგმავს.
მისი თქმით, თემა, რასთან დაკავშირებითაც გამოძიება მიმდინარეობს, „ეხება სწორედ იმ პერიოდს, როცა მზადდებოდა და მოხდა მზაკვრული თავდასხმა საქართველოზე, მისი ტერიტორიების ოკუპაცია“.
„პარლამენტში ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოხსენება, სადაც ისაუბრა ათეულობით მილიონი დოლარის ნაძარცვზე, რომელიც საქართველოს ჯარს მიადგა. თემა, რაზედაც გამოძიება მიმდინარეობს, სწორედ იმ პერიოდს ეხება, როცა მზადდებოდა და მოხდა მზაკვრული თავდასხმა საქართველოზე, მისი ტერიტორიების ოკუპაცია. საუბარია სწორედ ამ პერიოდზე.
მეორეს მხრივ, საუბარია იმაზე, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებული იქნა, თავდაცვის მინისტრი მოგვევლინა, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი შეძლებული ადამიანი, რომელმაც დააფუძნა ტელევიზია და ეძებს ბიძინა ივანიშვილის ქონების წარმომავლობას.
ეს არის ფაქტი და ამასთან დაკავშირებით ჩემი შეფასება ზედმეტია, მაგრამ საზოგადოება ხედავს, რა ხდება. მიმდინარე გამოძიების შედეგებს წინასწარ ვერ გავთლით, სასამართლო მიმდინარეობს, ისრაელი დემოკრატიული სახელმწიფოა და ვნახოთ, შედეგები რა იქნება.
მას შემდეგ, რაც საქართველოს სისხლიანი ჭრილობები მიაყენეს, ხალხი დაიხოცა, ადამიანები ბრძოლის ველზე მიატოვეს, მას შემდეგ თავდაცვის ყოფილი მინისტრი გამდიდრებულია. თუ მანამდე იყო გამდიდრებული, თქვას, მაგრამ ფაქტი ეს არის და ამას უნდა გავუსწოროთ თვალი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ისრაელის მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ისრაელის პროკურატურა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ახლო ნათესავის, მიხაელ ბენიმინისა და მისი სამი ბიზნესპარტნიორის წინააღმდეგ ბრალის წარდგენას გეგმავს.
საქმე ეხება 11.5 მილიონი დოლარის შემოსავლის შესახებ საგადასახადო სამსახურისთვის ინფორმაციის დამალვას.
გამოძიების ინფორმაციით, თანხა ბიზნესპარტნიორებმა მათ მიერვე დაარსებული კომპანია „თავდაცვითი ფარის“ საშუალებით, საქართველოსთვის სამხედრო სფეროში გაწეული კონსულტაციების, სამხედრო წვრთნებით უზრუნველყოფისა და საქართველოსთვის შეიარაღების მიყიდვასთან დაკავშირებით შუამდგომლობისთვის 2007-2009 წლებში მიიღეს.
ისრაელის პროკურატურაში ეჭვობენ, რომ ბიზნესპარტნიორებმა შექმნეს კომპანიების ქსელი და საბანკო ანგარიშები ისრაელში, საქართველოში, შვეიცარიასა და კუნძულ გერნსზე, რომელთა საშუალებითაც ისინი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან შემოსავალს იღებდნენ და გადასახადებისთვის თავის არიდებით თანხას ინაწილებდნენ.