გია ვოლსკი - „ევროპული საქართველოს“ მხრიდან დღემდე არ წყდება ქვეყნისა და ხალხისთვის ზიანის მომტანი, უკიდურესად სარისკო აქტივობების ინიცირება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას არ სჭირდება კარნახი, როგორ და რა გზით უზრუნველყოს ეროვნული ინტერესების დაცვა.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გია ვოლსკიმ „ევროპული საქართველოს“ დადგენილების პროექტზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციას ეხება.
ვოლსკის თქმით, პარლამენტი „ევროპული საქართველოს“ მავნე ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.
„საქართველოს გამთლიანება, რუსული ოკუპაციის დაძლევა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური არჩევანის რეალიზაცია ქვეყნის მხოლოდ მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარებით არის შესაძლებელი. გაცხადებული საგარეო პოლიტიკა, მისი რეალიზაციის შედეგები თვალსაჩინო და ხელშესახებია. იგულისხმება ურთიერთობები ნატო-სთან, ამერიკასთან, ევროპასთან, ევროკავშირთან და ყველა ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან. თვალსაჩინოდ მეტია მიღებული რეზოლუციები და მხარდამჭერი აქტები საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით. საქართველოს ხელისუფლება ამ არჩევანის ერთგული იყო და მომავალშიც დარჩება, პრინციპული პასუხისმგებლიანი და თანმიმდევრული პოლიტიკის მომხრე“, – აღნიშნავს ვოლსკი.
დეპუტატის განცხადებით, შვიდი წელია, „ქართული ოცნება“ წინა ხელისუფლების მავნე პოლიტიკით გამოწვეული კატასტროფული შედეგების ლიკვიდაციით არის დაკავებული.
„ერთ დროს, „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა განშტოების მხრიდან, იგულისხმება „ევროპული საქართველო“, დღემდე არ წყდება ქვეყნისა და ხალხისთვის ზიანის მომტანი, უკიდურესად სარისკო აქტივობების ინიცირება. მათი მიზანია, დანაშაულებრივი შეცდომები გადაფარონ, ხოლო ოკუპაციის ფასი გადაიხადოს არა რუსეთმა, არამედ ქართველმა ხალხმა, საქართველომ. ხელისუფლებაში ყოფნის დროს მათ არაერთხელ მოახერხეს და ქვეყანას დაატეხეს ჯერ ეკონომიკური სანქციები, შემდეგ კი, საქართველოში რუსეთის ჯარს შემოუძღვნენ. არ შეიძლება, სხვა ახსნა ჰქონდეს იმ ინიციატივას, რომელიც ფორმით თითქოს რუსეთისთვის პრობლემების შექმნას გულისხმობს, რეალურად, რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის მძიმე ეკონომიკური სანქციების გარანტირებულად დაწესებისთვის არის გამიზნული. შეუძლებელია, ეს არ ესმოდეთ ინიციატორებს, რადგან ესმით, ე.ი. ამ შედეგების გამოწვევა სურთ. საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას არ სჭირდება კარნახი, როგორ და რა გზით უზრუნველყოს ეროვნული ინტერესების დაცვა. სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში იქნა მიღწეული არა მყვირალა და პიარეფექტზე გათვლილი, არამედ რეალურად ხელშესახები პროგრესი ამ რთულ და წინააღმდეგობებით აღსავსე გზაზე, ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამ კურსიდან გადახვევას არ ვაპირებთ. შესაბამისად, „ევროპული საქართველოს“ მავნე ინიციატივას პარლამენტი მხარს არ დაუჭერს – საქართველოსა და ქართველი ხალხის, განსაკუთრებით, ქვეყნის გარეთ მცხოვრები ასობით ათასი თანამოქალაქის დასჯის შესახებ“, – დასძინა ვოლსკიმ.
„ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დადგენილების პროექტის განხილვა დღეს, ევროინტერგაციის კომიტეტის სხდომაზე იგეგმება. პროექტის არსს შემდეგი სამი პუნქტი წარმოადგენს, კერძოდ: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანას და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში; ასევე, ევროპის კავშირის და აშშ-ის მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შეტანას; აგრეთვე, ევროპის კავშირმა და აშშ-მა სანქციების შემოღებას ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.