გია ვოლსკი - ევროპის საბჭო და ევროკომისია ერთ სტრუქტურას წარმოადგენენ, დამაბნეველია, თუ გარკვეული ტერმინოლოგია შეთანხმებული არ აქვთ
ევროპის საბჭო, ისევე როგორც ევროკომისია, ერთ სტრუქტურას წარმოადგენენ, რომელიც არის ქვეყნებისგან შემდგარი ფორუმი. მასში წარმოდგენილია 27 ქვეყანა. დამაბნეველია, თუ მათ ერთმანეთში შეთანხმებული არ აქვთ გარკვეული ტერმინოლოგია და ერთმანეთთან ნასაუბრები არ ჰქონიათ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
გია ვოლსკის კითხვა დაუსვეს ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა: „ჩვენ არ ვართ ორიენტირებული ევროკავშირში ახალი ქვეყნების გაწევრიანების თარიღზე“.
გია ვოლსკის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებს ბევრ საკითხზე ერთიანი პოზიცია არ აქვთ.
„შარლ მიშელმა, 2030 წელი დაახლოებით თარიღად დავასახელეო, ევროკომისია ამბობს, ყველაფერს მუშაობის მიხედვით განვსაზღვრავთო. ათეული წლებია, კანდიდატის სტატუსის მომხრე ქვეყნები კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ელოდებიან. მსჯელობა მიმდინარეობს და დამაბნეველი გადაწყვეტილებებიც კეთდება, მაგრამ მთავარია, ჩვენ არ დავიბნეთ. ვიცით, რა გვინდა და ჩვენს პოზიციაზე ვართ – ამჯერად გვინდა კანდიდატის სტატუსის მიღება და შემდეგ ინტენსიური მუშაობის გაგრძელება, რათა ახლო პერიოდში ევროკავშირის ღირსეული წევრები გავხდეთ. ევროკავშირის ქვეყნებს ბევრ საკითხზე ერთიანი პოზიცია არ აქვთ, მათ შორის ხორბალზე, სასამართლო რეფორმაზე. ევროკავშირს ამ მიმართულებით პოლონეთის მიმართ სერიოზული პრეტენზიები აქვს, სანქციებიც კი დაადეს; უნგრეთთან მიმართებით თემებია. უკრაინას მთელ რიგ საკითხებზე ევროკავშირის მიმართ საკმაო პრეტენზიები აქვს, მაგრამ ეს უნდა გავიგოთ ისე, რაც მოცემულობაა და ანალიზი გავაკეთოთ. საქართველო საგანგებო მნიშვნელობის ქვეყანაა როგორც გეოგრაფიით, ასევე გეოპოლიტიკური მდგომარეობით, რაც ჩვენი პრივილეგიაა იმ თვალსაზრისით, რომ მთელ მსოფლიოში ბევრი მოკავშირე უნდა გვყავდეს, მათ შორის ევროკავშირში. 27 ქვეყანას შორის არ არის იმ დონის სინქრონიზაცია, რომელიც ევროკავშირის წარმატებას სჭირდება, მაგრამ ეს ნორმალურია და ასეთი მოცემულობაა. განსხვავებები არ უნდა გამოვრიცხოთ, თუმცა შიდა ჯახებისთვის ამის გამოყენება ის მეთოდია, რასაც საქართველოში რადიკალური ოპოზიცია იყენებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.