გია ვოლსკი - ეჭვებს მიჩენს ზოგიერთი ჯგუფის დამოკიდებულება, ხომ არ არის ქვეყანაზე და ეკლესიაზე შეტევის სურვილი
ასეთი სახის განცხადებები უპირისპირდება არა მხოლოდ შიდა საეკლესიო კანონიკურ ცხოვრებას, არამედ ქვეყნის სტაბილურობას და ამაზე ერმაც და ბერმაც უნდა იფიქროს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ეკლესიის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
„ეჭვებს მიჩენს ზოგიერთი ჯგუფის, გუნდის, ადამიანთა, პოლიტიკოსთა, მედია საშუალებათა დამოკიდებულება, ხომ არ არის სურვილი, რომ შეირყეს ქვეყანა და მათ შორის ეკლესია. ფაქტია, რომ ასეთი სახის განცხადებები უპირისპირდება არა მხოლოდ შიდა საეკლესიო კანონიკურ ცხოვრებას, არამედ ქვეყნის სტაბილურობას და ამაზე უნდა იფიქროს, ერმაც და ბერმაც“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
ვოლსკის განმარტებით, ადვილი გასაანალიზებელია, ვინ ებრძვის ეკლესიას.
„ადვილი გასაანალიზებელია, ვინ უტევს ეკლესიას, ვინ არის რადიკალური, ვინ არის თუნდაც თავის გამონათქვამებსა და ქმედებებში დესტრუქციული. გადახედეთ, თქვენ უფრო მეტი ინფორმაცია უნდა გქონდეთ. დესტაბილიზაციაზე ყოველთვის ვსაუბრობდი, რომ ეს არის სურვილი ჩვენი ერთი კონკრეტული ოპონენტების ჯგუფის, რომელიც ახლა მემარჯვენე-მემარცხენე სექტებად დაიყო. ეკონომიკის თემა, ვალუტის კურსი, ეკლესია, შსს , ახლახანს იყო, რომ თავდაცვის სამინისტროში ხალხს უმტკიცებდნენ, რომ ჰააგის ტრიბუნალში უნდა გაასამართლონ, ვინც არის ამის ავტორი, ის არის ამ დესტაბილიზაციის მსურველი“ ,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
ამასთან, დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებაზე გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ შეწყალება ისეთი რამ არის, რაც საზოგადოებას უნდა ახასიათებდეს.
„ეს ჩემი აზრია, მაგრამ ვერ ვუკარნახებ პრეზიდენტს. მორატორიუმი მუდმივი არ არის, დროებითია და ისევე აქვს თავისი დასასრული აქვს, როგორც ყველაფერს წუთისოფელში. ეს მორატორიუმზე არ არის დამოკიდებული“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, საქართველოს საპატრიარქოში 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომელზეც რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს.