გია ვოლსკი - EBU-ს წარმომადგენლებმა გაგვაცნეს 72 ქვეყნის გამოცდილება, რომელიც კომერციულ რეკლამას, საბიუჯეტო ნაშთებსა და პროდუქციის შესყიდვას ზუსტად ისე არეგულირებს, როგორც „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი

„მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი დამოუკიდებლობის ხარისხით გაცილებით უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე დღეს არის და ასეთი ფორმით მისი არსებობა სახელმწიფოს ინტერესებშია – ამის შესახებ პირველ არხს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში, საქართველოში ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) დელეგაციის წევრებს შეხვდა. 

ვოლსკის თქმით, საქართველოში ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლებმა ქართველ დეპუტატებს 72 ქვეყნის გამოცდილება გააცნეს, რომელიც კომერციულ რეკლამას, რეკლამის განთავსების დროს, საბიუჯეტო ნაშთებსა და პროდუქციის შესყიდვის საკითხს ზუსტად ისე არეგულირებს, როგორც „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი.

„ჩვენ მიერ შეთავაზებული კანონპროექტი გაცილებით უფრო მოკრძალებულია როგორც მასშტაბით, ასევე საორგანიზაციო პრივილეგიებით, როგორც ამას ჩვენი ზოგიერთი ოპონენტი უწოდებს. გარდა ამისა, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელმწიფო ბიუჯეტზე პირდაპირ დამოკიდებული არ არის. დაფინანსება ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შემოსავლის გარკვეული პროცენტით ეძლევა, რომელსაც ვერც პარლამენტი და ვერც მთავრობა ვერ შეცვლის. მისი დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხიც აქედან გამომდინარეობს. 

მთავარია, რომ დამოუკიდებლობა სწორად და პროფესიონალურად იქნეს გამოყენებული. ამ თემასთან დაკავშირებით დისკუსიები კიდევ იქნება და ოპონენტების მხრიდან პოლიტიკური სარჩული დაედება, მაგრამ სერიოზული საზოგადოებრივი მაუწყებლის შექმნას დღეს ვიწყებთ, რომელიც ევროპულ სტანდარტს არათუ არ უნდა ჩამორჩებოდეს, არამედ უნდა აჭარბებდეს კიდეც“, – განაცხადა ვოლსკიმ. 

ვოლსკი აღნიშნავს, რომ მას საკანონმდებლო პაკეტთან მიმართებით კითხვები ჰქონდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა, ცვლილებების მხარდაჭერას აპირებს.

„უამრავი კითხვა მქონდა, მაგრამ დღეს იმ ადამიანებს შევხვდით, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოებრივი მაუწყებლების კორპორაციას ხელმძღვანელობენ და მათ ისეთი შიდა რეგულირება აქვთ, რომელიც გაცილებით უფრო მეტ უპირატესობას აძლევს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ საზოგადოებრივ მაუწყებლებს, ვიდრე ჩვენ ამას ვთავაზობთ. 

მთავარი თემა რაც წარმოიშვება ისაა, არის თუ არა კონტროლირებადი ის ხალხი, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს დღეს ხელმძღვანელობს?! ამის არავითარი პირადი ან სამსახურებრივი ინტერესი არ უნდა არსებობდეს, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოებისთვის არ იარსებებს და შეხვედრაზე ისეთი მაგალითებიც განვიხილეთ, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ცდილობს, რომ სამთავრობო ინტერესებიდან გამომდინარე, გარკვეული პოლიტიკური პოზიციონირება გააკეთოს და როგორც ტელევიზია კი არსებობს, მაგრამ ამ არსებობას არც გავლენა არ აქვს და, მითუმეტეს, ძალიან არაპოპულარულია“, – აღნიშნავს ვოლსკი. 

დეპუტატი ამბობს, რომ ისეთ საზოგადოებრივ მაუწყებელს ელოდება, რომელიც სრულ, პირუთვნელ ინფორმაციას გაავრცელებს იმის შესახებ, რა ხდება არა მხოლოდ პოლიტიკურ ველზე, არამედ კულტურაში, სოფლის მეურნეობასა და მრეწველობაში. 

„ინფორმაციას მოგვაწვდის, სად არის პრობლემები და რატომ არის ამდენი სოციალურად გაჭირვებული ადამიანი ჩვენ გარშემო. ასეთი საზოგადოებრივი მაუწყებლის ლოდინით არის გამსჭვალული ის პროექტი, რომელიც წარმოდგენილია“, – დასძინა ვოლსკიმ. 

საქართველოს ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) დელეგაცია სტუმრობს. დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების წევრებს, რომელთაც ის საერთაშორისო გამოცდილება გააცნეს, რომლითაც ევროპის საზოგადოებრივი მაუწყებლები ხელმძღვანელობენ.