გია ვოლსკი - დეპუტატებმა, რომელ პოლიტიკურ ჯგუფსაც უნდა ეკუთვნოდნენ, თავიანთ საქციელს უნდა გადახედონ
გია ვოლსკი - დეპუტატებმა, რომელ პოლიტიკურ ჯგუფსაც უნდა ეკუთვნოდნენ, თავიანთ საქციელს უნდა გადახედონ

დეპუტატებმა, რომელ პოლიტიკურ ჯგუფსაც უნდა ეკუთვნოდნენ ისინი, უნდა გადახედონ თავიანთ საქციელს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე დეპუტატებს, ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეს უსიამოვნო ფაქტი იყო. თუმცა, ვოლსკი არ ფიქრობს, რომ ეკა ბესელიას მანდატის შეწყვეტაზე იყოს საუბარი.

„ძალიან ადვილია მდგომარეობიდან გამოსვლა, ემოციაზე აყოლა. ვფიქრობ, ეს ჩვენს საზოგადოებას არ უხდება. დეპუტატის მხრიდან მეტი მოთმინებაა საჭირო. შეურაცხმყოფელი სიტყვები ჩვენი ყოველდღიურობა გახდა, ჩვენი საპარლამენტო ცხოვრება ასეთი დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობს. არ მგონია, მანდატის შეწყვეტაზე ვისაუბროთ. გენდერული საბჭო განიხილავს თუ ეთიკის, ამას პარლამენტი გადაწყვეტს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

გუშინ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მირანდა ერემაძეს უსმენდნენ, დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.