გია ვოლსკი დავით გარეჯის საქმეზე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის პეტიციას მოღალატეობრივს უწოდებს
გია ვოლსკი დავით გარეჯის საქმეზე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის პეტიციას მოღალატეობრივს უწოდებს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის პეტიციას მოღალატეობრივს უწოდებს.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, სამწუხაროდ, არასამთავრობო ორგანიზაციებსაც სურთ, სკანდალი გადაფარონ.

„ყველაზე ცუდი ის არის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებაში რაღაცნაირად გაიგივებული არიან ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, ევროპასთან, რაც არასწორია და ისინი საზოგადოებისთვის საშიშროებას ქმნიან, რომ ხალხს არასწორი ხედვა ჩამოუყალიბდეს იმ სტრუქტურებზე, რომლებიც მათ აფინანსებს. ცა და დედამიწასავით არის განსხვავება ჩვენს პოლიტიკურ პარტნიორებსა და იმ სტრუქტურებს შორის, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობით არიან დაკავებული.

ეს არის მოღალატეობრივი განცხადება, რას ნიშნავს დავიხიოთ უკან მაშინ, როცა ტერიტორიის დიდი ნაწილი წინა ხელისუფლებამ კეთილ მეზობელს, პარტნიორს, აზერბაიჯანს გადასცა? ფაქტია, კეთილმეზობლობა არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი აქტი ჩაიდინო. ეს პრიმიტივიზმისკენ გადახრილი განცხადებაა მაშინ, როცა ვითარება აშკარაა – საზღვრის დემარკაციაზე 1938 წლის რუკით უნდა ემსჯელათ და ხელთ ჰქონდათ, მაგრამ ისეთი რუკით იმსჯელეს, რომელიც წამგებიან მდგომარეობაში აყენებს საქართველოს. როგორ შეიძლება, არასამთავრობო ორგანიზაცია აქტიურად გამოდიოდეს იმ პოზიციით, რომ საქართველომ უნდა დათმოს ისტორიული ტერიტორიის ნაწილი, მით უმეტეს, თუ ასეთი ემოციური კავშირი არსებობს, თუნდაც, დავით გარეჯთან. ეს განცხადება წარმოუდგენელი არაკომპეტენტურობის გარდა, არის პროფესიონალიზმს მოკლებული და მოღალატეობრივი განცხადება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ დავით გარეჯის საქმეზე პეტიცია გაავრცელა. პეტიციის ტექსტზე ხელმომწერი ორგანიზაციები ითხოვენ, „დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ მელაშვილი და ილიჩოვა, შეწყდეს საზღვრის დემარკაციის პროცესის სახიფათო პოლიტიზაცია, გადარჩეს გარეჯის საკითხზე ორმხრივად ხელსაყრელი შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა“.