გია ვოლსკი - ვერ ვიტყოდი, რომ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვით ტრაგიკული გადაწყვეტილება მივიღეთ
დეპუტატ დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება ჩემთვის პიროვნულად ძალიან რთული იყო, მაგრამ პიროვნული დამოკიდებულების მიღმა არსებობს ინტერესი, მმართველი გუნდის სტაბილურობა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვას გამოეხმაურა.
დეპუტატის თქმით, მოსალოდნელია მცდელობა, რომ ეს გაფრთხილებად ან დემარშად წარმოაჩინონ.
„ჩემთვის პიროვნულად ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ პიროვნული დამოკიდებულების მიღმა არსებობს ინტერესი, რასაც მმართველი გუნდის სტაბილურობა ჰქვია. ეს მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ არ ეხება, ვფიქრობ, სახელმწიფო ინტერესებში სტაბილურობა ნომერ პირველი ამოცანაა. დავით ჭიჭინაძე თავისი შეხედულებებითა და გამონათქვამებით გუნდის სხვა წევრების მოსაზრებებს დაუპირისპირდა და ვერ ვიტყოდი, რომ დიდი ტრაგიკული გადაწყვეტილება მივიღეთ.
ადამიანი თავისი შეხედულებებით და პრინციპებით წინააღმდეგობაში მოდის იმასთან, რასაც გუნდის შეხედულებები ეწოდება, თუნდაც სტაბილურობის ინტერესი, პარტიამაც შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
დეპუტატის განმარტებით, არის გარკვეული საკითხები, რომლებიც ადამიანებს ჰყოფს.
„არაფერზე გავბრაზებულვარ. არის საკითხები, რომლებიც ადამიანებს ჰყოფს. სწორედ ამასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ვოლსკიმ.
დეპუტატის ცნობით, დავით ჭიჭინაძეს ოფიციალური გაფრთხილება არ მიუღია.
„ეს პირად საქმეში შეტანით არ ყოფილა, თუმცა მას ამ თემებზე უმრავლესობის ლიდერთან საუბარი ჰქონდა. არის შეხედულებები, რომლებიც ერთმანეთს არ შეესაბამება და გადაწვეტილება მიღებული უნდა იყოს. არ არის საუბარი თავისუფლების შეზღუდვაზე, საუბარია, პრინციპების განსხვავებაზე. მთავარი მმართველი გუნდის სტაბილურობის შენარჩუნებაა. უამრავი ფორმატია, სადაც შეგვიძლია, ჩვენი განსხვავებული აზრები ერთმანეთს დავუპირისპიროთ და საკმაოდ ჯანსაღი სიტუაციაა იმისთვის, რომ ნებისმიერ საკითხზე ნებისმიერი სიმწვავით ვიკამათოთ, მაგრამ არსებობს დამოკიდებულების გამოხატვის ფორმები, რასაც პარტია საკუთარი თავისი წევრის ითხოვს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
„ქართულმა ოცნებამ“ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ხელი გია ვოლსკიმაც მოაწერა.