გია ვოლსკი - დავარქვათ დროებითი თუ გარდამავალი მთავრობა, ამ შემადგენლობას ჩვენი სრული მხარდაჭერა ექნება
დავარქვათ დროებითი თუ გარდამავალი მთავრობა, ამ შემადგენლობას ჩვენი სრული მხარდაჭერა ექნება, – ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დაგეგმილი, მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობის შესახებ საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გია ვოლსკიმ განაცხა.
„ძალიან საინტერესო ხედვები წარმოადგინა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, რამოდენიმე თვეა, რაც ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს რეფორმებს, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო ახორციელებს. ვფიქრობ, უფრო დახვეწილი იქნება მამუკა ბახტაძის მიერ წარმოდგენილი პროგრამა. იმ შენიშვნების, შემდეგ რაც მოისმინეს ფრაქციებში, კომიტეტებში, ვფიქრობ, მას უნდა მიეცეს საშუალება, რომ უახლოესი პერიოდისთვის, ორი-სამი კვირის განმავლობაში სრულად წარმოადგინოს ის ხედვები, რომელიც უნდა აისახოს არა მარტო შემადგენლობის ცვლილებებში, არამედ მთლიანად, მთავრობის მართვის სისტემის ცვლილებებში.
უპირობოდ, მთავრობის ამ შემადგენლობას ექნება სრული მხარდაჭერა – დავარქვათ დროებითი მთავრობა თუ დროებითი, გარდამავალი პერიოდი. გარდამავალი პერიოდი იმისთვის არის საჭირო, რომ წარმოდგენილი იყოს გაცილებით ნათელი სურათი, სქემა იმ მართვისა, რომელითაც ჩვენ უახლოეს პერიოდში უნდა ვიცხოვროთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებენ. პარლამენტში ნდობის მისაღებად წარდგენილ მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გარდა, მინისტრობის სამი ახალი კანდიდატია. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენილია დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე – გიორგი ჩერქეზიშვილი, ხოლო ფინანსთა მინისტრად – ნიკოლოზ გაგუა. ზალკალიანი, ჩერქეზიშვილი და გაგუა შესაბამის უწყებებში მინისტრის მოადგილეების პოსტებს იკავებდნენ. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დასახელებული მამუკა ბახტაძე გუნდთან პარლამენტს სამთავრობო პროგრამას გააცნობს. შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხისა და სიტყვით გამოსვლების რეჟიმში გაგრძელდება. რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ამის შემდეგ კენჭისყრაზე მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დადგება. პარლამენტს უახლოეს სამ კვირაში სტრუქტურულად და პერსონალურად შეცვლილი მთავრობის შემადგენლობა წარედგინება და მთავრობა ნდობის მისაღებად პარლამენტში კიდევ ერთხელ მივა. პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დღეს 12:00 საათზე დაიწყება.