გია ვოლსკი - დარწმუნებული ვარ, სამართლიანობის რაღაც დოზა არსებობს, რომელმაც უნდა იმუშაოს და საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი
დარწმუნებული ვარ, სამართლიანობის რაღაც დოზა არსებობს, რომელმაც უნდა იმუშაოს და საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას.
„თუ დააკვირდებით, შარლ მიშელის განცხადებამ გარკვეული მოლოდინები გააჩინა, სადაც თქვა, რომ გვესმის, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება იმ ინტერესების გათვალისწინებით უნდა, რასაც ჰქვია ეკონომიკური განვითარება და ევროპული სისტემების შექმნა, რაც პოზიტიურიაო. ეს არის ჩვენი ინტერესი. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, სამართლიანობის რაღაც დოზა არსებობს, რომელმაც უნდა იმუშაოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მისი თქმით, საქართველოს არ ჰყავს არანაირი ლობი და არ აქვს არანაირი მძლავრი რესურსი იმისთვის, რომ ვიღაცას ხელი დაუქნიოს და უთხრას – ჩვენი ადგილი აქ არის.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ინტეგრაციული პროცესი ინტეგრაციის მსურველ საქართველოზე ნაკლებად არის დამოკიდებული, ვიდრე მასზე, ვინც საქართველო უნდა მიიღოს, ანუ 27 ქვეყანაზე, მოიქცევა თუ არა ევროპა თავისი საჭიროების პერსპექტივიდან დეკემბერში და როგორია მისი მოლოდინი კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ, ობიექტური რეალობიდან გამომდინარე, ის ოპტიმისტურად არის განწყობილი და აქვს ეჭვი, რომ ობიექტურ რეალობაზე მეტად კონიუნქტურული ვითარება იქნება გათვალისწინებული.
„ასე რომ, 50/50-ზეა“, – განაცხადა ვოლსკიმ.