გია ვოლსკი - დაფინანსების კანონპროექტის შემოტანასთან ერთად, საკმაოდ წარმატებული ანტიპიარი განახორციელეს და ბერბოკის განცხადებაც ამ კუთხით უნდა განვიხილოთ
გია ვოლსკი - დაფინანსების კანონპროექტის შემოტანასთან ერთად, საკმაოდ წარმატებული ანტიპიარი განახორციელეს და ბერბოკის განცხადებაც ამ კუთხით უნდა განვიხილოთ

განწყობა, რომელიც შეიქმნა დაფინანსების შესახებ კანონპროექტის შემოტანასთან ერთად, გამოყენებულ იქნა ევროინტეგრაციის პრინციპის ეჭვქვეშ დაყენებისთვის, საკმაოდ წარმატებული ანტიპიარი განახორციელეს და ბერბოკის განცხადებაც ამ კუთხით უნდა განვიხილოთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

გია ვოლსკი გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „ვხედავთ ქვეყნის პროევროპული კურსიდან აცდენის მცდელობებს, ჩემი ვიზიტისას მსურს, მკაფიო გახდეს, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას“.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემა ამოწურულად ჩაითვალა, როდესაც ამის შესახებ კონსტიტუციაში ჩაიწერა.

„ევროინტეგრაციის თემა ამოწურულად ჩავთვალეთ მაშინ, როდესაც ამის შესახებ ჩავწერეთ კონსტიტუციაში, რომელშიც მონაწილეობას არ ღებულობდნენ დღეს ევროინტეგრაციის მეხოტბეები, ვითომ ჩვენ გვიპირისპირდებიან ამ თემით. არავითარ შემთხვევაში, კონსტიტუციაში რაც წერია, ის უნდა აღსრულდეს და იმას ვერ შეაქცევ ზურგს. თემა, აღქმა განაპირობა უშველებელმა და საკმაოდ მძლავრმა ტალღამ დეზინფორმაციისა. ნუ ვიტყვით, რომ პარტიები, თუნდაც მცირერიცხოვანი, თუნდაც მცირეპროცენტიანი, რომლებიც ერთად გაერთიანდებიან და დაუპირისპირდებიან თუნდაც კონსტიტუციურ მუხლს, არ არიან ყურადსაღები. აქედან გამომდინარე, განწყობა, რომელიც შეიქმნა ამ კანონის პროექტის შემოტანასთან ერთად, რომელიც ეხებოდა დაფინანსების გამჭვირვალობის საკითხებს, გამოყენებულ იქნა ამ პრინციპის ეჭვქვეშ დაყენებისთვის, საკმაოდ წარმატებული ანტიპიარი განახორციელეს და ბერბოკის განცხადებაც ამ კუთხით უნდა განვიხილოთ.

რამდენჯერმე აღინიშნა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ, რომელსაც უკვე პოლიტიკური პარტიისა და გაერთიანების ნიშნები ნაკლებად აქვს, მოახერხეს და მიიტანეს ინფორმაცია დამახინჯებულად, მაგრამ ჩვენ, მე მგონი, მნიშვნელოვნად დავაკელით მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რას გულისხმობდა, რა შინაარსის შეიძლება, ყოფილიყო ეს კანონი. როდესაც გამოჩნდა, რომ ევროპის განვითარებული საზოგადოება, კანადა, აშშ იმავე თემაზე ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე იღებენ შესაბამის კანონს, ამ შემთხვევაში ბევრი სპეკულაციის საფუძველიც მოიხსნა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.