გია ვოლსკი- ცოტნე გამსახურდიაზე გაკეთებული განცხადებებით ოპონენტებმა ცინიზმის უმაღლესი მწვერვალი დაიპყრეს
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, ცოტნე გამსახურდიაზე გაკეთებული განცხადებებით ხელისუფლების ოპონენტებმა თავის ლიდერთან ერთად, ცინიზმის უმაღლესი მწვერვალი დაიპყრეს.
როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი მიზანი, საზოგადოებაში დაპირისპირების განვითარებაა.
„მაშინ არ იყო პოლიტიკური სარჩული, როცა სამშობლოს ღალატისთვის ცოტნე გამსახურდია ციხეში ჩასვეს, ხერხემალი დაუზიანეს და წამებას ასმენინებდნენ, რაზეც თავის წერილებში წერდა? ახლა თავდასხმას არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკურ მოვლენასთან და ისე გამოდის, რომ ამ საშინელ დანაშაულს პოლიტიკური სარჩული უნდა დაუდონ? ეს მიგვანიშნებს არა იმ რეალობაზე, რაც მოხდა, არამედ იმ რეალობაზე, რომ ამ პოლიტიკურ ძალას, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს აღვირი და მისი ერთადერთი მიზანია საზოგადოებაში დაპირისპირების განვითარება”, – განაცხადა ვოლსკიმ.
19 დეკემბერს საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია დაჭრეს. ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მომხდარში პოლიტიკურ სარჩულს ხედავს. გამსახურდიას ორი ოპერაციაში ჩაუტარდა. მედიკოსების შეფასებით, მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.