გია ვოლსკი - ჩვენ რეალურად ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს ევროინტეგრაციის გზაზე, ამ გზაზე უნგრეთის მხარდაჭერის ხაზგასმა დღეს კიდევ ერთხელ მოხდა
გია ვოლსკი - ჩვენ რეალურად ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს ევროინტეგრაციის გზაზე, ამ გზაზე უნგრეთის მხარდაჭერის ხაზგასმა დღეს კიდევ ერთხელ მოხდა

ევროკავშირის ფორმატში ჩვენთვის მხარდაჭერა არის გარანტირებული იმ მაჩვენებლების გამო, რაც საქართველოს აქვს, მნიშვნელოვანია, რომ უნგრეთი ამ საკითხებთან დაკავშირებით მყარად დგას საქართველოს მხარეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ უნგრეთში ქართული დელეგაციის მიერ გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.

„მთავარი გზავნილი არის სრული ურთიერთგაგება საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხებზე, ევროკავშირთან მიმართებით ჩვენს დამოკიდებულებაზე, რომელიც არის აბსოლუტურად პოზიტიური, და ველოდებით ევროკავშირის მხრიდანაც იმავე დამოკიდებულებას, ვინაიდან ჩვენ რეალურად ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს ევროინტეგრაციის გზაზე. ამ გზაზე უნგრეთის მხარდაჭერის ხაზგასმა მოხდა დღეს კიდევ ერთხელ. რასაკვირველია, უნგრეთს თავისი ინტერესები აქვს, მაგრამ ამავე დროს რეალურია ის პოზიცია, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ყურადღებას ვაქცევთ და საკმაოდ სერიოზულ ხაზსაც ვუსვამთ. სერიოზულად ვუსვამთ ხაზს იმას, რომ უნგრეთი არის მოკავშირე გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, უნგრეთში ითვალისწინებენ საქართველოს მაჩვენებლებს ევროინტეგრაციის მიმართულებით.

„ამასთანავე, არ დავივიწყოთ, რომ ევროკავშირი საერთოდ პოზიტიურად არის განწყობილი საქართველოს მიმართ და საქართველოს მაჩვენებლები არის საკმაოდ შთამბეჭდავი. ამ მაჩვენებლებს, რასაკვირველია, უპირველეს ყოვლისა, ითვალისწინებენ უნგრეთში. ამავე დროს არც ის დაგვავიწყდეს, რომ უნგრეთსაც აქვს გარკვეული ინტერესები, სადაც თავისი პოზიციის დაფიქსირება უწევს ევროკავშირის ფორმატში, მაგრამ ჩვენი სტრატეგიული კავშირი, ურთიერთობები ასევე აღსანიშნავია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ევროკავშირის ფორმატში ჩვენთვის მხარდაჭერა არის გარანტირებული იმ მაჩვენებლების გამო, რაც საქართველოს გააჩნია. ძალიან კარგია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნგრეთი ამ საკითხებთან დაკავშირებით მყარად დგას საქართველოს მხარეს, ობიექტურად ითვალისწინებს რა ყველა მონაცემს, რომლებიც ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.