გია ვოლსკი - ჩნდება ეჭვი, რომ უგულავას თემის წინ წამოწევამდე ოპოზიციას განზრახული ჰქონდა, მოლაპარაკებები არ შემდგარიყო
ჩნდება ეჭვი, რომ გიგი უგულავას თემის წინ წამოწევამდე, ოპოზიციას განზრახული ჰქონდა, საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებები არ შემდგარიყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც მეხუთე რაუნდის ჩაშლას გამოეხმაურა.
დეპუტატის თქმით, ყოველთვის არსებობდა ეჭვი, რომ ხელისუფლების ოპონენტების ამოცანა მოლაპარაკებების გამართვა არ იყო.
„შეიძლება, ზოგიერთი პოლიტიკოსი ფიქრობდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტებს მოლაპარაკებები აწყობდათ, თუმცა შეთავაზება 130/20 უსაფუძვლო და შეუსაბამოა ვენეციის კომისიის დასკვნებთან, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ რეგიონების უსამართლო გადანაწილება არ უნდა მოხდეს და პროპორციულობა დავიცვათ. დამატებითი ეჭვი ჩნდება, რომ სანამ წინ გიგი უგულავას თემა წამოვიდოდა, განზრახვა იყო, ეს მოლაპარაკებები არ შემდგარიყო. ხელისუფლებას მოლაპარაკებები აწყობს. ოპოზიციამ კი დაასკვნა, რომ არჩევნების გზით პერსპექტივა არ გააჩნია“, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო. უზენაესმა სასამართლომ უგულავას სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
უზენაესი სასამართლოს განაჩენი ცნობილი გახდა მაშინ, როდესაც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში საარჩევნო სისტემის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრა მიმდინარეობდა, რომელშიც უგულავაც მონაწილეობდა.
შევედრის შემდეგ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ დიალოგის მეხუთე რაუნდი არ შედგება. „წყდება ყველანაირი მოლაპარაკებები, კონსულტაციები და რაუნდები, გადავდივართ სახალხო დაუმორჩილებლობის დიდი ტალღის მომზადებაზე“, – განაცხადა ნათელაშვილმა.