გია ვოლსკი - ცალკეულმა პარლამენტარმა შეიძლება ლობიოსა და სიმინდს შეადარა მარიხუანა, მაგრამ ეს არ ნიშნავს სხვა კანონმდებლების პოზიციას
მარუხუანას თემა კანონით თუ არ დავარეგულირეთ, სიტუაცია ხელიდან გაგვექცევა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ნარკომანიის თემაზე მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ეს თემა ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს ეხება. ჩვენ ახლა მნიშვნელოვან თემას ვიხილავთ – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვეხებით. პირადად ჩემი დამოკიდებულება ამ გადაწყვეტილების მიმართ ნეგატიურია, მაგრამ ეს მოცემულობაა. ამ მოცემულობას ან რეგულაცია უნდა დავუპირისპიროთ ან უნდა მივუშვათ და ეს საკითხი საზოგადოების გადასაწყვეტი გავხადოთ. არამარტო ჩვენი ეკლესია, არამედ სხვა კონფესიების წარმომადგენლებიც აქ არიან, რომლებიც საკმაოდ მნიშვნელოვნად და საკმაოდ ინტენსივობით გამოდიან ამ უბედურების წინააღმდეგ რასაც ნარკომანია ჰქვია. ამ შემთხვევაში კი კანაფის მოხმარებაზე გვაქვს საუბარი. მაგრამ თუ ჩვენ ეს თემა კანონით არ დავარეგულირეთ, სიტუაცია ხელიდან გაგვექცევა. ამიტომ ეს მითქმა-მოთქმა ჩვენი ბრალია. ვიღაც ერთმა ცალკეულმა პარლამენტარმა შეიძლება თქვა და ლობიოს და სიმინდს შეადარა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს გამოხატულებაა იმ კანონმდებლების პოზიციის, რომლებიც ამ დარბაზში არიან წარმოდგენილნი“, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.
მისივე თქმით, მარიხუანასთან დაკავშირებული საკითხი მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები.
„უპირველეს ყოვლისა, ყველამ, ვინც გადაწყვეტს, მოიხმაროს კანაფი, უნდა იცოდეს, რომ მას სერიოზული შეზღუდვები და კანონიერი ზემოქმედება ემუქრება. დაწყებული მართვის მოწმობის ჩამორთმევიდან ან შეზღუდვიდან, დამთავრებული სახელმწიფო სამსახურებში მუშაობის შესაძლებლობით. ზუსტად უნდა იცოდეს, რომ საზოგადოებრივ ადგილებში, სადაც ახალგაზრდები არიან შეკრებილები, მოხმარება ისჯება კანონით და ზუსტად უნდა იცოდეს, რომ მიწოდება არ არის დაშვებული, ანუ ლეგალიზაციაზე ლაპარაკი არ არის.
ხალხმა არ იცის, რა ხდება. გუშინ მამაო მეუბნებოდა, აღსარებაშიც კი ამბობს ვიღაც, რომ მარიხუანას მოვიხმარო. იმიტომ, რომ არ იციან ეს სიტუაცია რაში შეიძლება გადაიზარდოს. პასუხისმგებლობა დიდია. მაგრამ მეორე საკითხი, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას შეეხება, ეს მოცემულობაა. ამაზე შეიძლება იურისტები დასხდნენ, სხვა კონფერენცია ჩაატარონ და იმსჯელონ. ჩვენ დღეს გვინდა სასწრაფო ზომების მიღება ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, ახალი კანონპროექტი მარიხუანის საზოგადოებაში გავრცელებას და პოპულარიზაციას შეუშლის ხელს.
„რაც შეეხება კანაფის წარმოებას და გაყიდვას, ზოგმა კოსმეტიკა ახსენა და იმ წუთში წამოვიდა ირონიული შეფასებები – ჰო, კოსმეტიკა სახეზე წაისვით და შეიზილეთ. აქ მთავარი თემაა გადამუშავების საკითხი, რომელსაც ასევე ალბათ სპეციალისტები უნდა აფასებდნენ უფრო მეტად, ვიდრე მაგალითად მე, მაგრამ რეალურად ჩვენ ალტერნატივა გვაქვს ორი – ერთი არის შავი ბაზარი, რომელმაც ვერ უნდა გაბედოს და ვერ უნდა მოამარაგოს მომხმარებელი. მეორე ალტერნატივა არის ის, რასაც ჰქვია მკაცრი რეგულირება. სხვა ალტერნატივა არის ერთი, გამოხვიდე და დასაჯო იმდენად, რომ ამოვვარდეთ საერთოდ ლოგიკიდან და იმ პრინციპებიდან, რასაც ჩვენი ეკლესია უდგება. ეკლესია და არა მარტო ეკლესია იყო ლიბერალური იმ ადამიანის მიმართ, ვინც ავადაა. მაგრამ რეალურად ერთი რამ სწორი ითქვა ამ ტრიბუნიდან, რომ შენ უნდა გქონდეს გამაჯანსაღებელი ადგილები, სადაც გამაჯანსაღებელი რესურსები გაგაჩნია. სამწუხაროდ, ამაში ჩამოვრჩებით. აქ გადასახადების გადამხდელებზე იყო საუბარი. საქართველოში გადასახადის გადამხდელები გაცილებით უფრო ნაკლებია, ვიდრე ადამიანები რომლებიც ნარკოტიკებს მოიხმარენ. ეს ცუდია. სოციალური პრობლემები სანამ გექნება, სერიოზული პრობლემები, მათ შორის ნარკოპოლიტიკის სფეროში ყოველთვის იქნება. ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტით ამ უბედურების საზოგადოებაში გავრცელება და პოპულარიზაცია არ მოხდება და არანაირად ხელშემწყობი არ იქნება. ეს ჩვენი მიზანია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.