გია ვოლსკი - ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ბიოგრაფიას სიკეთის თესვით ქმნიდა
ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ბიოგრაფიას სიკეთის თესვით ქმნიდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
გია ვოლსკი გამოეხმაურა ბოლო პერიოდში ქართველი სპორტსმენების, მათ შორის ქართველი მორაგბეების მიმართ პოლიტიკურ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს, მათ შორის „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის გუშინ, სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელებულ განცხადებას.
„აიკლეს პოლიტიკურმა ოპონენტებმა სრულიად მედიასივრცე და სოციალური ქსელები – რაგბის ფედერაციამ ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე მიულოცა და მეცენატიც უწოდაო. დიდად არც არაფერი იცვლება ბიძინა ივანიშვილისათვის დაბადების დღის მილოცვის შეფასებებით, რასაც კონკრეტული პირები თუ პოლიტიკური ჯგუფები მიმართვენ – სადაც იყო წითელი ხაზი, იქვე რჩება! არც იქნებოდა ყურადღების მისაქცევი ეს ორკესტრირებული უტიფრობა, თუ არა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება – ბიძინა ივანიშვილს არც მილოცვა და მით უმეტეს შექება არ უთხოვია, არასოდეს, არაფრისთვის! საკუთარ ბიოგრაფიას სიკეთის თესვით ქმნიდა, ქართული რაგბის აღორძინებაც ამისათვის განიზრახა და ბევრიც გააკეთა.
ერთი დამისახელონ მის მიერ განხორციელებული რომელი პროექტია ისეთი, საიდანაც მისი შვილიშვილები მოესწრებიან სარგებლის მიღებას. საზოგადოების დიდი ნაწილი ვერც ვერასოდეს გაიგებდა თუ რამდენი გაიღო, ან საერთოდ თუ დაეხმარა რაგბის აღორძინებას, განათლებას, კულტურას, მეცნიერებას, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა-შენარჩუნებას, გარემოს დაცვას, და სხვა სფეროებს, რომ არა ბრიყვთა გნიასი – როგორთუ გაბედა და საკუთარ ხალხზე მოძალადე რეჟიმს წინ აღუდგაო, როგორ გაბედეს და დაბადების დღე მიულოცეს საჯაროდო. მართლა რომ სირცხვილია! დაბადების დღეს გილოცავთ ბატონო ბიძინა!“, – წერს გია ვოლსკი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.