გია ვოლსკი - ბიძინა ივანიშვილი გაცილებით უფრო საინტერესო რამეს საუბრობს, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ გააფთრებული შეტევაა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის მოსაზრებით, ოპონენტების მხრიდან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაცია ოპოზიციის პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.
ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე ამახვილებს ყურადღებას და ოპონენტების შეფასებებს ეხმაურება.
„ხანდახან, სისულელეებს საზღვარი არ აქვს. არსებობს ბიზნესგარემო და ურთიერთობები, რაც მსოფლიოში ყველასთვის ჩვეულებრივია „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, რომელსაც სექტა და წარმონაქმნი ჰქვია. ბიძინა ივანიშვილი გაცილებით უფრო საინტერესო რამეს საუბრობს, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ გააფთრებული შეტევა არის იმ პასაჟზე, რომ ქველმოქმედებიდან გაცილებით მეტი აქვს ამოღებული. როგორც ჩანს, არითმეტიკაც არ იციან. რეალურად, ეს არ არის მხოლოდ ქველმოქმედება, ეს არის მისი პასუხისმგებლობა საქართველოს წინაშე და ისტორიის გარკვეულ მონაკვეთზე. ბიძინა ივანიშვილი ამ პასუხისმგებლობას თავდამბლობით, ენთუზიაზმითა და სამშობლოს მიმართ პატრიოტული დამოკიდებულებით ახორციელებს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
გამოცემა Entrepreneur Georgia-მ სახელწოდებით – „სოციალური ანტრეპრენერის ფენომენი: ბიძინა ივანიშვილის პროექტების სოციალური ზეგავლენა ქართულ ეკონომიკაზე, ბიზნეს გარემოზე და ქვეყნის მომავალ განვითარებაზე – ახალი შესაძლებლობები ქართული ბიზნესისთვის“ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუ გამოაქვეყნა.
ინტერვიუში საუბარია წყალტუბოსა და აბასთუმანზე, ბანკ „ქართუზე“, სასტუმრო „პარაგრაფზე“, თბილისში მიმდინარე სხვა პროექტებზე, ასევე ქველმოქმედებასა და პოლიტიკაში მოსვლაზე.