გია ვოლსკი - „ბიბისის“ მასალა სანდოა არა მხოლოდ ავტორიტეტიდან გამომდინარე, არამედ ეყრდნობა გამოძიებას, რომელსაც საერთაშორისო სტრუქტურების წარმომადგენელი ატარებდა
გია ვოლსკი - „ბიბისის“ მასალა სანდოა არა მხოლოდ ავტორიტეტიდან გამომდინარე, არამედ ეყრდნობა გამოძიებას, რომელსაც საერთაშორისო სტრუქტურების წარმომადგენელი ატარებდა

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე „ბიბისის“ ჟურნალისტური გამოძიება სანდოა.

მისივე თქმით, სანდოა არა მხოლოდ გამოცემის ავტორიტეტულობიდან გამომდინარე, არამედ იმის ფონზე, რომ გამოძიება სპეციალური საგამოძიებო სტრუქტურების საქმიანობის პარალელურად მიმდინარეობდა.

„ვიდრე სასამართლოს საბოლოო ვერდიქტი არ იქნება, გამოძიება არ დადებს საბოლოო მასალას თავისი დასკვნებით, იქამდე პოლიტიკოსის მხრიდან არ შეიძლება ლაპარაკი, რომ ეს არის უტყუარი, მაგრამ ბევრი ინფორმაცია გამოვიდა იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიება, რომლის შედეგებიც „ბიბისიმ“ გამოაქვეყნა, სპეციალური საგამოძიებო სტრუქტურების საქმიანობის პარალელურად მიმდინარეობდა. აქედან გამომდინარე, ის სანდოა არა მხოლოდ იმიტომ, რომ „ბიბისის“ ასეთი ავტორიტეტი აქვს, არამედ ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებული მასალა ეყრდნობა გამოძიებას, რომელსაც საერთაშორისო კომპეტენტური საგამოძიებო სტრუქტურების წარმომადგენელი ატარებდა. ასე რომ, ყველა გზა მაინც კეზერაშვილისკენ მიდის. რეალურად, შეიქმნა ვითარება, როდესაც პოლიტიკური პარტიები, სტრუქტურები, კონკრეტული ადამიანები სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ, რა სახის თანხები შემოედინებოდათ საკვებად, მათი პოლიტიკური პროცესების, პოლიტიკური ცხოვრების გასაგრძელებლად. სწორედ აქედან გამომდინარეობს საკმაოდ რთული ვითარება, რასაც რევოლუციური კომიტეტის ფლანგი ჰქვია.

გრძელდება ოპერაცია, პროცესი და ეშინოდეს მას, ვისაც ხელი აქვს გასვრილი არა მარტო სისხლში, როგორც ეს იყო 2012 წლამდე, არამედ იმ ადამიანების უბედურებაში, რომლებიც ათასობით არიან მთელ ევროპაში – დაკარგეს შემოსავალი და დაკარგეს საარსებო რესურსი. ბინძური ფული, რომელიც, დიდი ალბათობით, შემოედინება ქართულ პოლიტიკაში, არის სწორედ ის, რაც, საბოლოო ჯამში, გამოავლენს არსს იმ პოლიტიკური აქტივობებისა, რომლებიც, ბოლო პერიოდში ოპონენტების ფლანგზე არაერთი ვიხილეთ, მათ შორის დესტაბილიზაციის მცდელობები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.