გია ვოლსკი - „ბიბისის“ ფაქტები, სადაც კეზერაშვილია ნახსენები, მნიშვნელოვნად გასათვალისწინებელია, განსაკუთრებით მათ მიერ, ვინც ამ წყაროდან ფინანსდება, ამ ფულს შეიძლება, ოფიციალურად დაერქვას ბინძური ფული
გია ვოლსკი - „ბიბისის“ ფაქტები, სადაც კეზერაშვილია ნახსენები, მნიშვნელოვნად გასათვალისწინებელია, განსაკუთრებით მათ მიერ, ვინც ამ წყაროდან ფინანსდება, ამ ფულს შეიძლება, ოფიციალურად დაერქვას ბინძური ფული

ფაქტები, სადაც ნახსენებია კეზერაშვილის გვარი, მნიშვნელოვნად გასათვალისწინებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, არ ეყრდნობიან მხოლოდ „ბიბისის“ მაღალ საერთაშორისო რეიტინგს და, მისი თქმით, ეს არ იყო უბრალო ჟურნალისტური გამოძიება.

„არ შეიძლება, წინასწარ ილაპარაკო დანაშაულზე, როდესაც სასამართლოს მიერ არ არის დადასტურებული, მაგრამ ფაქტია, ეს არ იყო უბრალო ჟურნალისტური გამოძიება. ჩვენ არ ვეყრდნობით მხოლოდ „ბიბისის“ მაღალ საერთაშორისო რეიტინგს. ეს არის გამოძიება, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, თანაც ხორციელდებოდა გამოძიების პარალელურად, რომელსაც ატარებდა მაღალი კომპეტენციის მქონე საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი. ასე რომ, ფაქტები რაც დაიდო, სადაც ნახსენებია კეზერაშვილის გვარი, რასაკვირველია, არის მნიშვნელოვნად გასათვალისწინებელი. განსაკუთრებით იმ პოლიტიკოსების, ცალკეული პიროვნებების ან თუნდაც მედიასაშუალებების მიერ, რომლებიც ფინანსდებიან ამ კონკრეტული წყაროდან. ახლო პერიოდში ამ ფულს შეიძლება უკვე ოფიციალურად დაერქვას ბინძური ფული. მით უმეტეს, რომ ბინძური ფული უკვე არსებობს ამ გაერთიანებაში, მედიისა და პოლიტიკოსების გაერთიანებაში და მისი წარმოშობა უკავშირდება სახელმწიფოს, კონკრეტულად ჯარის ბიუჯეტის ძარცვას“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაქვეყნა ფილმი ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, რომლის თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილი სახელდება. თითქმის ერთსაათიან დოკუმენტურ ფილმში თაღლითური სქემა დეტალურად არის განხილული. ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, ფილმში მოხვდა ერთ-ერთი სპეცოპერაციის კადრებიც, რომელიც ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით თბილისში, ე.წ. პიქსელის შენობაში ჩატარდა.

მანამდე „ბიბისიმ“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების მასალები, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.