გია ვოლსკი - ბიბილოვის განცხადება არის უკანონო და იგივე სახის პოპულისტური გამოხტომა, რომელიც არაერთხელ ჰქონია
გია ვოლსკი - ბიბილოვის განცხადება არის უკანონო და იგივე სახის პოპულისტური გამოხტომა, რომელიც არაერთხელ ჰქონია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ლიდერის ანატოლი ბიბილოვის განცხადება ე.წ. წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირდება.

საუბარია განცხადებაზე, სადაც ანატოლი ბიბილოვი ამბობს, რომ „რუსეთის ფედერაციაში შესვლისთვის სამხრეთ ოსეთი უახლოეს მომავალში სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს“.

ვოლსკის თქმით, წინასაარჩევნო კამპანიისას, ყველა კანდიდატი ცდილობს, თავი წარმოაჩინოს ლიდერად, რომელსაც ხალხმა მხარი უნდა დაუჭიროს. გია ვოლსკიმ ბიბილოვის განცხადებას „პოპულისტური გამოხტომა“ უწოდა.

„არჩევნებია ახლა, ხუთი კანდიდატია, მათ შორის ერთი პარტიული, საინიციატივო ჯგუფებია კიდევ. ყველა ცდილობს, თავისი თავი წარმოაჩინოს იმ ლიდერად, რომელსაც ხალხმა მხარი უნდა დაუჭიროს. გარდა იმისა, რომ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის რაღაც ასპექტებზე ისაუბრონ, ვინ უფრო წარმატებული იქნება ამასთან მიმართებით, იგივე რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანებით და ე.წ. ალანიის დიდ ისტორიულ სამეფოსთან გაერთიანებით, ეს არის გამოწვეული რეალობიდან, რაც დღეს გვაქვს. იქ ვერც ეკონომიკის, ვერც სოციალური საკითხების, ვერც სხვადასხვა დარგის განვითარების კუთხით ვერანაირ წინასაარჩევნო კამპანიას ვერ განახორციელებენ. აქედან გამომდინარე, ბიბილოვმა იფიქრა, რომ სწორედ ეს არის ის ნიშა, სადაც შეიძლება, სერიოზული მხარდაჭერა ჰქონდეს რამდენიმე ათეული ათასი ადამიანისა, ვინც დღეს ცხინვალის რეგიონში ცხოვრობს. რასაკვირველია, მისი განცხადებაც უკანონოა, ამ რეგიონში საერთაშორისო სამართლის თემა საერთოდ არ დგას დღის წესრიგში და ვფიქრობ, იგივე პოპულისტური გამოხტომაა, რომელიც ადრე არაერთხელ ჰქონია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.