გია ვოლსკი - ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც 2012 წელს აქტიური იყო და დღეს სხვა საქმით არის დაკავებული, ამ რესურსების გაერთიანებაზეა საუბარი, ერთობის გაძლიერებაა საჭირო
გია ვოლსკი - ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც 2012 წელს აქტიური იყო და დღეს სხვა საქმით არის დაკავებული, ამ რესურსების გაერთიანებაზეა საუბარი, ერთობის გაძლიერებაა საჭირო

ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც 2012 წელს აქტიური იყო და დღეს სხვა საქმით არის დაკავებული, ამ რესურსების გაერთიანებაზეა საუბარი, ერთობის გაძლიერებაა საჭირო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პარტია „ქართული ოცნების“ თავჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიმართვის შეფასებისას აღნიშნა.

„არ გავყოფდი ასე – ძველი გვარდია, ახალი გვარდია, სახელებითა და გვარებით, გავყოფდი პათოსით. ბევრი ადამიანია, ვინც თავისი რესურსითა და აქტივობით საკმარისი მონაწილეობა არ მიიღო განვითარებისა და მართვის სხვადასხვა ეტაპზე. ბევრია ისეთი ადამიანიც, ვინც 2012 წელს აქტიური იყო, დღეს სხვა საქმით არის დაკავებული. ამ საერთო რესურსების გაერთიანებაზეა საუბარი. ერთობის გაძლიერებაა საჭირო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, მართვის სისტემა საკმაოდ შეირყა და 2017 წლის არჩევნების შემდეგ პარტიაც აღარ ჩანს ასპარეზზე. გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელიც მართვის სისტემას ეფექტურად დაალაგებს.

„გამოგიტყდებით, რომ ერთობის განწყობამ ძალიან მოიკოჭლა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. მართვის სისტემა საკმაოდ შეირყა და 2017 წლის არჩევნების შემდეგ პარტიაც აღარ ჩანს ასპარეზზე. ივანიშვილის დაბრუნებაც იმის მომასწავლებელია, რომ ამ ხარვეზებს გამოსწორება სჭირდება. იგივე სამართლის აღდგენის საკითხებს, არ შეიძლება ასე ნელა მუშაობდეს ეს მექანიზმი, როცა დაზარალებულები ძალიან ბევრნი არიან და ეს არ გამოიხატება მხოლოდ მატერიალურ საკითხებში, ბევრი სამართლებრივი საკითხია მოსაგვარებელი.

სისხლის სამართლის საქმეების უამრავი საქმე და გაღატაკებული ხალხის ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა, მაგრამ ამ საკითხების მოგვარებას სწრაფი მოქმედებები სჭირდება. ამისთვის საჭიროა მობილური ჯგუფების შექმნა და მართვის სისტემის აბსოლუტური გადალაგება. ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელიც მართვის სისტემას ეფექტურად დაალაგებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეებისადმი მიმართვა გაავრცელა.