გია ვოლსკი - ასოცირების კომიტეტის სხდომაზე საბოლოო დოკუმენტი ვერ მივიღეთ, მაგრამ ჩვენი ინტეგრაცია ევროსტრუქტურებთან შეფასებულია მაღალ დონეზე და ეს არის ჩვენი ხვალინდელი დღე
სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტში, ასოცირების კომიტეტის სხდომაზე საბოლოო დეკლარაცია ვერ მივიღეთ, მაგრამ ფაქტია, ჩვენი ინტეგრაცია ევროსტრუქტურებთან შეფასებულია ძალიან მაღალ დონეზე, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
გია ვოლსკი სხდომაზე სტრასბურგში, ევროპარლამენტში გამართულ ასოცირების კომიტეტის სხდომასა და დეკლარაციის ჩაგდების საკითხს გამოეხმაურა.
მისი თქმით, საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ ევროკავშირის 2019 წლის ანგარიშში, რომელიც მიმდინარე წლის 7 თებერვალს გამოქვეყნდა, ასახულია რამდენად წინ არის საქართველო ევროპასთან ინტეგრაციის თვალსაზრისით და პრაქტიკულად ყველა საკითხი დადებითად არის შეფასებული.
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ ევროპარლამენტში ასოცირების კომიტეტის სხდომასა და დეკლარაციასთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაცია სხვადასხვანაირდ მიეწოდა.
„დეზინფორმაციის ძალიან დიდი დოზა იყო. ერთი რამ უნდა ითქვას, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, პროექტი, რომელიც თავიდან წარადგინა ევროკავშირმა, იყო შესანიშნავი და ზუსტად ასახავდა საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ევროპასთან ასოცირების პროცესის დახასიათებას. შემდეგ კი, ამ შინაარსის დოკუმენტთან დამატებით შემოიტანეს უკვე „გადაწყვეტილი“ საკითხი, რომ აქ არის პოლიტიკური დევნა და კონკრეტული ადამიანები პოლიტიკური ნიშნით არიან დაპატიმრებული. რასაკვირველია, ამას დელეგაცია, არც ჩვენი და არც ევროკავშირის დელეგაციის მნიშვნელოვანი ნაწილი არ დაუჭერდა მხარს და უცებ გავიგონეთ საყვედური, თურმე, ჩვენ არ დავთმეთ გარკვეული პრინციპები, რათა ეს შესანიშნავი ერთობლივი განცხადება მიგვეღო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ვოლსკის შეფასებით, ეს არის დემაგოგია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რომლის მსგავსი მაგალითი ერთი-ორი თუ მოიძებნება.
პირველი ვიცე-სპიკერის განმარტებით დეკლარაციის პროექტში ძალიან ბევრი პოზიტივი იყო შეტანილი საქართველოს პარლამენტის, ხელისუფლების შეფასებების მხრივაც და ამ პოზიტივის გადასაფარად ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა.
„ამ პოზიტივის გადასაფარად გაკეთდა ყველაფერი, მაგრამ რეალური რაც არის, რაც დოკუმენტში დევს, ის არ გაუქმებულა. მართალია, სამწუხაროა, ვერ მივიღეთ დოკუმენტი, მაგრამ ფაქტები, რაც წერია ამ დოკუმენტში არსად გამქრალა, ხომ რეალურია რასაც წერენ, მათ შორის საკანონმდებლო სფეროში შეთავსების თაობაზე, საპარლამენტო კონტროლის შესახებ, ასევე რეგლამენტის, კონსტიტუციის, არაერთი კანონისა და ინტეგრაციის, იმ პროცესების თაობაზე, რაც მოითხოვება საქართველოსაგან. ეს რეალურია და არსებობს, ამას ვერ გავაქრობთ, რაც არ უნდა ვეცადოთ, შევიტანოთ გაუგებრობა საზოგადოებაში აღნიშნულთან დაკავშირებით. ასე რომ, ვფიქრობ, დელეგაციის მუშაობა იყო წარმატებული და სამწუხაროა, რომ საბოლოო დოკუმენტი ვერ მივიღეთ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – ჩვენი ინტეგრაცია ევროსტრუქტურებთან არის შეფასებული ძალიან მაღალ დონეზე და ეს არის ჩვენი ხვალინდელი დღე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.