გია ვოლსკი - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება სიგნალია, რომ საარჩევნო პროცესი კიდევ უფრო უნდა დაიხვეწოს
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება სიგნალია, რომ საარჩევნო თემატიკა კიდევ უფრო უნდა დაიხვეწოს.
ვოლსკის თქმით, საგანგებოდ მნიშვნელოვანი თემაა საქართველოს ურთიერთობა დასავლეთთან.
„სახელმწიფო დეპარტამენტს შენიშვნები გააჩნია. ასევე, შენიშვნები აქვთ სადამკვირვებლო მისიებს, მაგრამ 3700 საარჩევნო უბანი იყო და რასაკვირველია, გარკვეული გადაცდომა მოხდა, თუმცა მთლიანობაში ყველა ერთად თანხმდება, რომ ამას არჩევნებზე გავლენა არ მოუხდენია. განცხადება სიგნალია, რომ პროცესი უფრო უნდა დაიხვეწოს. პოლიტიკურ ველზე პოლიტიკური პარტიების ურთიერთობის მიმართულებით ბევრია გამოსასწორებელი და ეს მხოლოდ სახელისუფლებო ველს არ ეხება. პოლიტიკური კულტურა, რომელიც საქართველოს გააჩნია, საერთაშორისო სტანდარტს ჩამორჩება, თუმცა საზოგადოება სწორ დასკვნებს აკეთებს. ოპოზიცია თავისი პოლიტიკური სახის შესახებ უნდა დაფიქრდეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.