გია ვოლსკი - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არის ის, რაც პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელმა მაღალი ტრიბუნიდან უნდა ურჩიოს საქართველოს
ეს არის ის, რაც პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელმა მაღალი ტრიბუნიდან უნდა ურჩიოს პარტნიორ ქვეყანას, ამ შემთხვევაში, საქართველოს ,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებას.
ვოლსკის თქმით, 2012 წლის შემდეგ, ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა საქართველოში აზრის გამოხატვის თავისუფლების გარანტია.
„აზრის გამოხატვის თავისუფლებას გარანტიას ის პოლიტიკა აძლევს, რაც 2012 წლის შემდეგ სახელმწიფოს მიერ არის გატარებული. უნდა გვახსოვდეს, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლების სანაცვლოდ, ადამიანებმა სერიოზული ფიზიკური სასჯელები მიიღეს და არაერთი შემთხვევა იყო ადამიანების განზრახ მოკვდინების. ეს არის მთავარი, რაც იმ ადამიანებისგან გამოგვარჩევს, ვინც დღეს ბარიერის მეორე მხარეს დგას. რაც შეეხება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებას, პოლიტიკაში ოდნავ მაინც ჩახედული ადამიანი მიხვდება, რომ ეს არის ის, რაც პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელმა მაღალი ტრიბუნიდან უნდა ურჩიოს პარტნიორ ქვეყანას, ამ შემთხვევაში, საქართველოს“ ,- აღნიშნა გია ვოლსკიმ.
თბილისში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციებთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა „ამერიკის ხმასთან“ კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით თბილისში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციებს. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს სიტყვის, გაერთიანების და შეკრების თავისუფლებას. მოვუწოდებთ მთავრობის წარმომადგენლებს და დემონსტრანტებს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ნებისმიერი ესკალაცია ან ძალადობრივი მოქმედებები“, – ნათქვამია წერილობით განცხადებაში, რომელსაც „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.