გია ვოლსკი - ასეთი მონდომებით ბრძოლა, რათა დაადასტურო, ტერიტორია აზერბაიჯანს ეკუთვნის, საქართველოს ისტორიის ყველაზე დიდ მოღალატეობრივ მონაკვეთებსაც არ მოსწრებია
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ისტორია და რუკები ადასტურებს, რომ დავით გარეჯის ტერიტორია საქართველოს ეკუთვნის და ასეთი მონდომებით ბრძოლა იმისთვის, რომ დაადასტურო, ტერიტორია აზერბაიჯანს ეკუთვნის, არ მოსწრებია ყველაზე დიდ მოღალატეობრივ ისტორიულ მონაკვეთებსაც კი, რომლებიც, სამწუხაროდ, საქართველოს ჰქონდა.
ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი ოპონენტების შეფასებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისინი რასაც ჩადიან, საოცრებაა. მისი თქმით, ფაქტობრივად, ოპონენტების მხრიდან თავდაცვის გააფთრებული რეჟიმი იმისკენ არის მოწოდებული, რომ საზოგადოებამ როგორმე სხვა კითხვებზე დაიწყოს პასუხების ძებნა, არადა, ვითარება მარტივია.
„ყველა რუკა – ამერიკული, გერმანული თუ რუსული წარმოშობის და ასევე, სხვა რუკებიც ადასტურებს იმას, რომ ეს ტერიტორია საქართველოს ეკუთვნის. ისტორია ადასტურებს, რომ ეს ტერიტორია საქართველოს ეკუთვნის. ასეთი მონდომებით ბრძოლა იმისთვის, რომ დაადასტურო, ტერიტორია აზერბაიჯანს ეკუთვნის, არ მოსწრებია ყველაზე დიდ მოღალატეობრივ ისტორიულ მონაკვეთებსაც კი, რომლებიც, სამწუხაროდ, საქართველოს ჰქონდა. შემაშფოთებელია, რასაც ვუყურებთ. რა მნიშვნელობა აქვს, წინასაარჩევნო პერიოდია თუ რა არის? ის მასალა და ინფორმაცია უნდა შენახულიყო, რაც მივიღეთ? ვის რა უფლება აქვს, რომ ეს დამალოს? წინასაარჩევნო პერიოდშიც საზოგადოებამ უნდა იცოდეს, საქმე ვისთან გვაქვს და იმის შესახებ წარმოდგენა უნდა ჰქონდეს, სააკაშვილი და მისი გუნდი რას წარმოადგენენ. თუ ამაზე რაიმე კითხვებია დარჩენილი, ამას გამოძიება უპასუხებს და არა პოლიტიკოსი, რომელიც ყოველდღე განმარტებას აკეთებს იმის თაობაზე, რომ თურმე, რუსეთს უნდა, ეს ტერიტორია საქართველოს კუთვნილება იყოს და თურმე, ჩვენთან პოლიტიკური ძალები არსებობენ, რომელთაც არ უნდათ, ეს ტერიტორია იყოს საქართველოს შემადგენლობაში და თურმე, ეს უკანასკნელი არის „პატრიოტთა ალიანსი“, რომელსაც სააშკარაოზე გამოჰყავს „ქართული ოცნების“ მისწრაფებები. ეს არის საოცარი უტიფრობა და უზნეობა, რომელიც ჩვენ თვალწინ ვითარდება. ვერავის ბრალეულობას ვერ დავადასტურებ. ჩემი დამოკიდებულება გამოვხატე იმ ბაკქანალიაზე, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მის გარშემო მყოფმა პარტიებმა ტაშ-ფანდურით გამოხატეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.